“გორმედში” გარდაცვლილი ქალის დედა ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ მისი შვილი და შვილიშვილი თავს კარგად გრძნობდნენ, საღამოს კი ექიმებმა შეატყობინეს, რომ ახალშობილს მოულოდნელად გული გაუჩერდა.
“ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი, ჩემი შვილიც გულწასული გაიყვანეს”– ამბობს 30 წლის გოგოს დედა.
“ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდა ბავშვსო, რაღას უყურებთო. მერე გამიყვანეს იქით, არ იცოდნენ მე თუ მშობელი ვიყავი. მერე დავრეკე სახლში, გამოდით, მომხედეთთქო. ჩემი და ამოვიდა და ამ დროს ჩემი შვილი გაჰყავდათ, უკვე ხელებგადაყრილი იყო. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ ვენას ვეღარ პოულობდნენ. ” ამბობს გარდაცვლილის დედა.
ოჯახს ახლა პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ. გარდაცვლილის ქმარი ამბობს, რომ მედპერსონალი პირადადაც კი არ გამოსულა ოჯახთან, რომ ამ ტრაგედიის შესახებ მათთვის შეეტყობინებინათ.
“კლინიკამ გვითხრა თავიდან თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი კუჭი არ ტკიებიათქო. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, რომ აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო”, – ამბობს დაღუპული ქალის მეუღლე, ამირან გოგინაშვილი.
მშობიარეს გარდაცვალება “გორმედიში” – “პირველებმა” გაარკვია, რომ გორის სამშობიარო სახლში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოა შესული.
,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
გორმედში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
მათი ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციამ უკვე გამოკითხა.
წყარო: ტვ პირველი