მძიმე სანახავია სახანძრო სამსახურის კაპიტანი რობერტ მორენო როგორ ემშვიდობება 22 წლის ქალიშვილს საავადმყოფოს დერეფანში. ახალგაზრდა ქალი შეყვარებულთან კამათის დროს დაიღუპა. ტრაგედია აშშ-ში, არიზონას შტატში დატრიალდა. ზაჰრია მორენოსთან გამოსამშვიდობებლად 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა – უმეტესად, ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი. ისინი ტაშით აცილებენ გოგონას, რომელიც დონორობისთვის განკუთვნილ კაბინეტში გადაჰყავთ მას მერე, რაც გაირკვა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
პოლიციის ცნობით, ზაჰრია ორშაბათს, 25 წლის შეყვარებულთან, ანჯელიტო ადრიან ოლივასთან კამათის შემდეგ გარდაიცვალა – ქალი შეყვარებულის მანქანას წინ გადაუდგა, რათა მისთვის წასვლის უფლება არ მიეცა, თუმცა მამაკაცმა დამუხრუჭება ვერ შეძლო. ოლივასმა იგი საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმებმა მოგვიანებით განაცხადებს, რომ 22 წლის ქალის ტვინი უკვე მკვდარი იყო.
ოლივასი ოჯახში ძალადობისა და საფრთხის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 250- დოლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
“ჩემი შვილის ორგანოებს დონორობისთვის გამოიყენებენ. მიხარია იმის ცოდნა, რომ მისი ნაწილები იცოცხლებს, მაგრამ ამ ტკივილის გაქრობას ვერაფერი შეძლებს”, – ამბობს გარდაცვლილის მამა. ზაჰრიას ტყუპისცალი ძმა იზაკი 2021 წელს ავარიაში დაიღუპა.