„ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია,” – აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია.
მისი თქმით, სასკოლო განათლების სისტემა პოლიტიკურ გათვლებს ეწირება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიცია რეალური პრობლემების წარმოჩინების ნაცვლად აქცენტს არაპერსპექტიულ საკითხებზე აკეთებს.
28 ნოემბერს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს პარლამენტში დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, საკვანძო საკითხები კი იყო მასწავლებლების ხელფასები, სკოლებში ახალგახრდა კადრების დასაქმება, მოსწავლეების კვება და უფიქრია თუ არა განათლების სამინისტროს, რომ 11-წლიანი გახადოს სწვალება. ამის საპასუხოდ კი გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სისტემის შეცვლა არ იგეგმება.
„11 კლასზე საუბარიც არ ღირს. ის, რომ მე-12 კლასში დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს დაუბრუნდეს. რაც შეეხება მე-12 კლასს და რეპეტიტორებს, – ვიცი ეს პრობლემა. სხვათა შორის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ითქვა, რომ თუ ადამიანი რეპეტიტორთან არ მოემზადა, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს – შესაძლოა ასეა, მაგრამ შესაძლოა რიგ შემთხვევაში ასე არც არის. ცალსახად ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მაგრამ ერთი ფაქტია – ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა მანდ არის – რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება! თუ გნებავთ რეალურ განათლების პრობლემის დისკუსიის თემაში შევიდეთ, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია.
„რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე – ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში – ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას,” – განაცხადა მინისტრმა.
სკოლებში 12 წლიანი სწავლების წინაღმდეგია განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, იგი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ გარდა ამ პრობლემისა, სასკოლო განათლების სისტემაში ზოგადად კრიზისია, დამამთავრებელ კლასებში მოზარდები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, გამოცდების დაბრუნება კი პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს.
„12-წლიან სწავლებას საერთოდ არ ვემხრობი. ზოგადად სასკოლო განათლების სისტემაში საშინელი სიტუაციაა, ჩიხის ჩიხია, სახელმწიფო ბავშვებს სკოლაში ვერანაირ ცოდნას ვერ აძლევს, ეს მთავრობა ამის დალაგებას არ ფიქრობს. ბავშვები სკოლაში მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში საერთოდ არ დადიან, მთავრობამ ეს არ იცის? ზომებს რატომ არ იღებენ – დროში რატომ ჭიმავენ, გამოცდებს რატომ არ ნიშნავენ? შეიძლება ადამიანი სკოლას ამთავრებდეს და გამოცდას არ აბარებდეს? დროზე დანიშნონ გამოცდები! მშობლებს აღარ შეუძლიათ ბავშვების ამდენი გაცდენები. სააკაშვილის საგანმანათლებლო პოლიტიკას სულ ვაკრიტიკებდი და ძალიან ძნელი სათქმელია ეს, მაგრამ სააკაშვილმა ბავშვები სკოლაში ძლივს მოიყვანა და ამათმა დაფანტეს, ათი წელია ეს ქაოსია და ბავშვებმა არაფერი არ იციან. არანაირ რეფორმებს არ ატარებენ, სკოლებს არანაირ ავტონომიას არ ანიჭებენ.
„რა ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა?! – მთავარი ის უვარგისი სტანდარტების პროგრამების სახელმძღვანელოები ადგილზეა და, რაც მთავარია, საათობრივი ბადეები ადგილზეა. სინამდვილეში ღრმა რეფორმებია საჭირო და არაფერი არ კეთდება. სასწრაფოდ დანიშნონ კლასიდან კლასში გადასაყვანი და კატ-ის გამოცდები, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ და წიგნს ხელი მოჰკიდონ. ეს მავნებლური პოლიტიკაა. ბავშვი სკოლას რაც უფრო სწრაფად დაამთავრებს და დროში გაწელილი არ იქნება, მით უფრო კარგია, მაგრამ დრო რაც არ უნდა შემცირდეს, თუ გამოცდები არ იქნება, ეს ბავშვები სკოლაში მაინც არ ივლიან, თუნდაც ცხრა კლასამდე დაიყვანონ.
„გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს. რა უშლის ხელს ამილახვარს და ამ მთავრობას რომ გამოცდებს არ ნიშნავენ? იცით, რატომ არ ნიშნავენ? იმიტომ, რომ არჩევნებია. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხალხი, რომელიც რვა გამოცდისგან იყო შეწუხებული, შეხვედრებს სთხოვდა და მოხსნეს. მოხსნეს და ყველაფერი დაფანტეს. საგანმანათლებლო სისტემა საერთოდ ჩაშლილია. ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია. „ნაციონალებს” ვუკიჟინებდით, რომ გაანულეთ განათლების სისტემაო და ამათმა საერთოდ მინუსებში გადაიყვანეს.
„ან ის როგორ შეიძლება, დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები რომ ჰყავთ, ხალხს სახელმწიფომ სკოლის დირექტორის სერთიფიკატები მისცა და არ გაუშვეს, აქ ხომ უკვე საქმეში პოლიტიკა ერევა, მაშინ სერთიფიკატებს რატომ აძლევენ? სრული ქაოსი, განუკითხაობა და კორუფციაა. საინტერესოა, იმ მასწავლებლის სახლს რატომ არ უშვებენ ლიკვიდაციაში, მას სულ სხვა ფუნქციები უნდა ჰქონდეს და არანაირი მასწავლებლის სახლი არ უნდა ერქვას – დახელოვნების ინსტიტუტი უნდა იყოს. მასწავლებლების პროფესიული განვითარება უნივერსიტეტებმა უნდა აიღოს თავზე.
„ეროვნული გამოცდები სადამდე დაეშვა, მინიმალური ქულა დაბალია და ქართულის გამოცდაზე ბავშვები ქართულად ვერ წერენ, თუნდაც მათემატიკაზე გამრავლების ტაბულა არ იციან. ეს მავნებლობა, სამშობლოს ღალატი და სახელწიფო ინტერესების ფექვეშ გათელვაა, პოლიტიკას უნდა გადაჰყვეს ყველაფერი?” – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია განთლების სამინისტროს რეალურ პრობლემებზე არ ედავება და აქცენტი აქვს მოსწავლეების კვებაზე, რომელიც, იცის, რომ შეუსრულებადი საკითხია.
„ახლა გამოცდებს არ დანიშნავენ, არც შარშან დანიშნეს, კარგა ხანია საარჩევნო რეჟიმში არიან. ოპოზიცია მარტო იმას ამბობს – „გადადექით”, „ვადამდელი არჩევნები”, და ამას მომავალი თაობების ცოდნა, განათლებოს ხარისხი და ყველაფერი ეწირება. ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს, იმ პარლამენტში მთქმელი არავინაა, ან ის ოპოზიცია რას აკეთებს, რატომ არ ეტყვის გამოცდებს რატომ არ ნიშნავენ, რაზე ედავებიან, ბავშვების კვებაზე? რა კვება! უმეტესობას საჭმელი არ უჭირს, ვინც სოციალურად დაუცველია, იმ ბავშვებს ტალონები გამოუყონ და აჭამონ. როგორ შეიძლება 650 ათას მოსწავლეს საქართველოსნაირმა ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტმა წელიწადში ათი თვე ყოველ დღე აჭამოს – ჩვენ აშშ ან გერმანია ხომ არ ვართ?! ერთი ფინეთშია, სადაც აჭმევენ და იქაც ბიუჯეტის 70% განათლებისკენაა მიმართული.
„ეს ე.წ. ოპოზიცია იმაზე კი არ დაობს, რომ განათლების ხარისხი ასწიონ, არა! რაღაც სისულელეზე ლაპარაკობს. იცით, რატომ აწვებიან ბავშვთა კვებას? იმიტომ, რომ ეს შეუსრულებადი საკითხია. „ნაცები” თავად რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ბავშვთა კვება უფასო რატომ არ გახადეს, მაშინ ბავშვებს არ შიოდათ? არავის არ შია, სოციალურად დაუცველი ვინცაა, იმ ბავშვებსაც ეძლევათ თანხა”, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.
როგორც განათლების სამინისტრო აღნიშნავს, ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტია. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ. საქართველოს განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს დაშვებისათვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას. აქვე რამდენიმე მაგალითია მოყვანილი – გერმანიის, ირლანდიის, პორტუგალიის, სადაც სასკოლო სისტემა არის სავალდებულო 18 წლის ასაკის ჩათვლით.
2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე.
განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეგმის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. 2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა.
წყარო : რეზონანსი