„ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და უდავოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ანი ხახანაშვილმა დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იაშვილმა აღიარა, რომ სექსუალურ მომსახურებას უწევდა სხვადასხვა მამაკაცს და ხდებოდა მისი გადაღება და კადრების შენახვა.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, იაშვილი ამ დრომდე დანაშაულს არ აღიარებდა და მეუღლის მსგავს პოზიციას აფიქსირებდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე. მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებულ ფირებზე, მტკიცებულებებზე შინაარსობრივად ვერ იმსჯელებენ, რადგან კანონის დარღვევით არის მოპოვებული. ადვოკატის თქმით, აბაშიძე დანაშაულს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს, კერძოდ, აქციებზე აქტიურობას უკავშირებს.
საქმეში 80-მდე დაზარალებულია, რომლებმაც არ იცოდნენ პირადი ცხოვრების კადრების გადაღების შესახებ. ისინი სასამართლოში დახურულ სხდომებზე დაიკითხებიან.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი. ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.
წყარო: digest.ge