გიორგი ყუფარაძეს კრიმინალურ წრეებში „ბეტონას“ მეტსახელით იცნობენ. მას საქართველოს პროკურატურამ ბოლო ბრალდება დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა.
მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძე დაუსახელა. ამის შედეგად გოშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მხოლოდ 14-წლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებული ყუფარაძე კი იმ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. ის ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის აპრილში საბერძნეთში დააპატიმრეს და ორწლიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს.
2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი – 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.
იმავე დღეს აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი და პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – განმარტეს შსს-ში.
სწორედ ამ დანაშაულის გახსნაში დაეხმარა გამოძიებას ვასილ გოშაძე და აღიარა, რომ დედა-შვილი კვეზერელები მან და მისმა ბავშვობის მეგობარმა, გიორგი ყუფარაძემ დახოცეს.
კვეზერელების საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებიც, მათ შორის 2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სალიების ქუჩაზე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული აზერბაიჯანელი ძმები – ილხამ და რასიმ გასანოვები მოტყუებით მიიყვანეს სალიების ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც გიორგი ყუფარაძემ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. ამის შემდეგ დაეუფლა გარდაცვლილების ჯიბეებში არსებულ 100 აშშ დოლარს, 30 ლარს, „ნოკიას“ ფირმის ორ მობილურ ტელეფონს და რამდენიმე ათას აზერბაიჯანულ მანათს. თავდამსხმელებმა ნადავლი ერთმანეთში გაინაწილეს, გვამები კი გააშიშვლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სახლის ეზოში დააბეტონეს.
2003 წელი, 15 სექტემბერი – იმჟამად ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილი, ზურაბ ზუბადალაშვილი და მისი მეუღლე თამარ ჩაჩუა კაზინოდან შინ ბრუნდებოდნენ. ბახტრიონის 11 ნომერში, სადარბაზოსთან, მათ ჩასაფრებული მკვლელები ელოდნენ. მანქანიდან გადმოსულ ზურაბს ცეცხლი ორი მხრიდან გაუხსნეს, მან საპასუხო გასროლა მოასწრო, მაგრამ დაჭრილი ლიფტთან დაეცა… მკვლელი სადარბაზოში შევიდა და ზუბადალაშვილს საკონტროლი ტყვია ესროლა.
თავიდანვე ჩანდა, რომ მკვლელობა “პროფესიონალების” მიერ იყო ჩადენილი. როგორც ხდება ხოლმე მომხდარის უამრავი ვერსია გავრცელდა, მით უფრო, რომ ზუბადალაშვილს ქალაქში კარგად იცნობდნენ, მათ შორის კრიმინალთა წრეშიც…
მკვლელობას სწორედ მის ცხოვრებას უკავშირებდნენ და თვლიდნენ, რომ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე იყო მომხდარი. ამ მკვლელობამდე ზურაბის ძმაც მოკლეს, მკვლელი ვინმე ხუბეჟოვი იყო, რომელიც ზურაბმა საავადმყოფოში მოკლა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზუბადალაშვილს თითქოს კიდევ ორი სხვა ადამიანი ჰყავდა მოკლული. მოკლედ, იმჟამინდელი პრესა აჭრელებული იყო ვერსიებით. ჟურნალისტები დღესაც იხსენებენ, რომ სრულიად უცნობი პირები მათ სთავაზობდნენ ზურაბ ზუბადალაშვილის ჩადენილ დანაშაულებზე შეკრებილ მტკიცებულებებს, ანუ ვიღაც მიზანმიმართულად იყო დაინტერესებული მკვლელობა სწორედ ზუბადალაშვილის კრიმინალურ წარსულს დაკავშირებოდა და მათ მიზანს მიაღწიეს კიდეც. საქმეში კვალი ისე აირია, რომ მისი გახსნა ვერ მოხერხდა და მკვლელობაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა…
2009 წელი – დანაშაულის გახსნას მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ უკვე აღარავინ ელოდა. ყველაზე მშვიდად საქმეში მონაწილეები იყვნენ, მათ შორის შემკვეთები, რომლებიც მოკლულის ოჯახთან ურთიერთობას აგრძელებდნენ. თუმცა 6 წლის თავზე, პოლიციას დანაშაული იმჟამად პატიმარმა გიორგი ყუფარაძემ გაახსნევინა.
სწორედ ყუფარაძის სამართლადამცავებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი სასიკვდილოდ ოჯახის წევრებმა გაწირეს და მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა. საქმეში სულ 7 პირი ფიგურირებდა.
ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია დაასახელა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო, საქმეში მოკლულის მეუღლე თამარ ჩაჩუაც ფიგურირებდა. მისი აღიარებითი ჩვენებაც გავრცელდა, სადაც იგი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ ყველაფერი იცოდა. თუმცა მოგვიანებით ჩაჩუამ ეს ჩვენება უარყო. ამბობდა, რომ დანაშაულის შემდეგ შეიტყო მომხდარი და მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ცნობდა თავს დამნაშავედ. გიორგი ყუფარაძე, თეიმურაზ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი თავდაპირველად მკვლელობის შემსრულებლებლად მიეცნენ პასუხისგებაში. დანაშაულის გახსნის დროს ყველა მათგანი ციხეში იყო.
წყარო: primetime.ge