ბიჭებო, ძალიან ცუდად იქცევით! ასე პატიოსანი ადამიანები არ იქცევიან… ვლოცულობ, ღმერთმა გაპატიოთ ეს მძიმე ცოდვა” – პოლიტოლოგმა ტალახაძესა და პეტრიაშვილს გამაოგნებელი სიტყვებით მიმართა

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს, სადაც გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძე სასტიკად აკრიტიკებს:

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებითა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით დეპუტატობა ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისთვის ასკეტური შრომა უნდა იყოს. ერთმა შესანიშნავმა კაცმა მითხრა, ნამდვილი პარლამენტარი განდეგილი ბერის დატვირთვით უნდა ცხოვრობდესო.

ძვირფასო ოლიმპიელებო, თქვენ შეიძლება სამასი კილოგრამის ატაცება შეგიძლიათ, მაგრამ დეპუტატობისთვის აუცილებელი ცოდნა და კომპეტენცია არ გაქვთ. თუ ბირთვის კვრას სჭირდება ვარჯიში და მომზადება, პოლიტიკას არ სჭირდება?! ცოდნის, გამოცდილების გარეშე პირდაპირ პარლამენტში შესვლა რომ გადაწყვიტეთ, არ გრცხვენიათ?! არ გერიდებათ?! ასე წესიერი და პატიოსანი ადამიანები არ იქცევიან.

ეს ერთი!

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე გარემოებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება:

– ამასწინათ უფროსმა მეგობარმა შემომიტია და მითხრა, მილიონს რომ აძლევს მთავრობა, მთავრობაც საპასუხო მხარდაჭერას ითხოვსო.

მილიონს თქვენ ქართველი ხალხი გაძლევთ და არა კონკრეტული პარტია, ქართველი ხალხი ამით თქვენ მიმართ პატივისცემას გამოხატავს და სანაცვლოდ მხოლოდ იმას ითხოვს, რომ თქვენს საქმეს ემსახუროთ. კარგად დაიმახსოვრეთ!

– ყველამ ვიცით, ვთქვათ, საქართველოს სამხედრო გზაზე რომელ ოლიმპიელს ან ოლიმპიელის ნათესავს რა ფინანსური ინტერესები აქვს.

ყველანი ვხვდებით, რომ თქვენს სახელს საკუთარი ქონების დასაცავად იყენებთ. ეს ბუნებრივი ინსტიქტია, მაგრამ …

დეპუტატის თანამდებობა ბიზნესის “დასაკრიშად” არ გამოუგონებიათ. ვინც ამას აკეთებს, მას პოლიტიკური კულტურის მისხალი არ გააჩნია და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი არ აქვს. თქვენი უკულტურობითა და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით თქვენ თვითონვე შეურაცხყოფთ თქვენივე ღვაწლს ერის წინაშე.

– ძვირფასო ოლიმპიელებო, არ გაწუხებთ, რომ ვიღაცები თქვენი სახელით იწმენდენ პირს?! თავიანთ ჩაოხრებულ საქმეებს თქვენი ოლიმპიური მედლების ბრწყინვალებით ფარავენ.

ფაქტობრივად, მამუკა მდინარაძე თავზე შემოაჯდა ლაშა ტალახაძეს, რათა ამოყვინთოს ჭუჭყიანი წლიდან, ლაშას გარეშე ფსკერზე დამიწებისთვის იყო განწირული… გენოს შალვა პაპუაშვილი წამოაჯდა თავზე და ა.შ.

– ძვირფასო ოლიმპიელებო, რამდენიმე თვის წინ თქვენ მთელ ერს უყვარდით… დღეს კი ნახევარი საქართველო თქვენი უპატიოსნო, უპასუხისმგებლო, ბრიყვული და ეგოისტური გადაწყვეტილების გამო ზურგში დანაჩაცემულად გრძნობს თავს. ღირდა ტრაილერებისა და ხრეშის ბიზნესის გამო მთელი საქართველოს სიყვარულის გაცვლა ნახევარი საქართველოს სიყვარულზე?

– ძვირფასო ოლიმპიელებო, დღეს თქვენ ყველა მომავალ ოლიმპიელს გაუფუჭეთ სახელი. ამის შემდეგ, გამარჯვების უზარმაზარ სიხარულს ხშირად ჩააშხამებს ეჭვი. ადამიანებს დიდი სიხარულის დროს გულში აუცილებლად გაუკრთებათ მტანჯველი აზრი: “რა დიდებული სპორტსმენია, რამდენი იშრომა, რამხელა შედეგს მიაღწია, როგორ ააფრიალა ჩვენი დროშა მსოფლიოს ასპარეზზე… იმედია, თავისი სპორტული მიღწევების გამო დეპუტატობას, ბიზნესის “დაკრიშვას” და შეუფერებელ თანამდებობებზე დაწინაურებას არ მოგვთხოვს… იმედია, ოლიმპიელობის გამო ინდულგენციას არ მოგვთხოვს ეგოისტური და უპატიოსნო პოლიტიკური ცხოვრებისთვის”.

ბიჭებო, ცუდად იქცევით, ძალიან ცუდად! ასე წესიერი და პატიოსანი ადამიანები არ იქცევიან… განსაკუთრებით ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტში, როდესაც რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან დაკავშირებული მმართველობის დამყარება სურს ერთ კაცს… კაცს, რომელსაც პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული კონტროლის გარეშე, ერთპიროვნულად სურს ქვეყნის მართვა…

ვლოცულობ, რომ ღმერთმა გაპატიოთ ეს მძიმე ცოდვა. ვლოცულობ საქართველოსთვის, სადაც თქვენი ადგილი პარლამენტში არ იქნება” – დაწერა ლორთქიფანიძემ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ