გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარი ემიგრანტი დედა, ციალა ამილახვარი იყო.
ამ სიუჟეტის გმირს უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მას ტყუპი შვილები ტრაგიკულად დაეღუპა და იგი ამ ისტორიას დეტალურად იხსენებს.
„ბედნიერი ცხოვრება მქონდა, 8 მარტი გათენდა, მე საქმით ვიყავი გართული. ჩემთვის ყვავილების საყიდლად გავიდნენ. უცბად მეზობელი შემოვარდა, ვაი, შე უბედურო რა მოგივიდაო, გარეთ გადიო. სახლთან პოლიცია და ხალხი დამხვდა. კიბესთან იდგნენ, რომ უნდა გასულიყვნენ იმ მომენტში, ბრმა ტყვია მოხვდა.
ერთ-ერთი პროკურორის შვილი იყო, იარაღი და ტანსაცმელი აბაზანაში დაუტოვებია, ბავშვი შევიდა, რაღაც უნდა აეღო და დაინახა მამამისის იარაღი, ჩუმად აიღო და ეზოში ჩაიტანა, ბავშვებს აჩვენებდა. ყველა ჰკიდებდა იმ იარაღს ხელს და ატრიალებდა, ერთად გაზრდილები იყვნენ.
თურმე ერთი, საბედისწერო ტყვია ჰქონია მხოლოდ. ამ დროს ჩადიოდნენ ჩემი ტყუპები, გიორგის ერთი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, თავში მოხვდა ტყვია და გაჩერდა“,- იხსენებს ციალა ამილახვარი.