25 წლის გოგონამ, სახელად მალგოჟატმა, გაცნობის საიტზე 35 წლის მატეუში გაიცნო. საუბარი დაიწყეს, ერთმანეთთან კომუნიკაცია მოეწონათ. შემდეგ მამაკაცმა გოგონა სახლში დაპატიჟა და ისიც დასთანხმდა, თუმცა იმ დღის მერე ახალგაზრდა ქალი აღარავის უნახავს და როგორც ცნობილია, არც არავის მოუკითხავს. შემთხვევა პოლონეთში, სოფელ ჰაიკიში მოხდა.
მას შემდეგ, რაც გოგონა მასთან მივიდა, მამაკაცმა ის ქვის ბეღელში შეიყვანა, სადაც ადრე ღორები ცხოვრობდნენ. ქვის პატარა შენობა სახლის ეზოს მოპირდაპირე მხარეს იყო და ყურადღებას არავინ აქცევდა. მატეუში კი საკუთარ ტყვესთან ფანრით ყოველ ღამე მიდიოდა, აუპატიურებდა და დილით სახლში ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალის წამება 4 წელი გაგრძელდა.
ქალს მინიმალური ოდენობის საკვებს აძლევდა, დანარჩენს არაფერს. არც ჰიგიენურ საშუალებებს, არც სამოსს. ღამღამობით ზოგჯერ გარეთაც გამოჰყავდა, თუმცა თუ გოგონა ხმას ამოიღებდა, მოკვლით ემუქრებოდა.
მალგოჟატი მალევე დაორსულდა. როდესაც მშობიარობის დრო მოვიდა, მატეუშმა ქალი უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანა და აიძულა, მშობიარობის შემდეგ ბავშვზე უარი ეთქვა. მალგოჟატი იმდენად იყო დაშინებული, რომ ექიმებს დახმარებაც ვერ სთხოვა.
„ექიმებს სიმართლე ვერ ვუთხარი. მეშინოდა… მემუქრებოდა, თუ ვიჩივლებდი, უარესს დამმართებდა”, – განუცხადა დაზარალებულმა უცხოურ გამოცემას.
გოგონა საავადმყოფოში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა, მათ შორის, სასქესო ორგანოების დაზიანების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევით, მკლავის ტრავმით, ლიმფური კვანძების დაზიანებითა და ჩალურჯებებით.
როგორც ცნობილია, საშინელი დანაშაულის შესახებ არც მატეუშის მშობლებმა იცოდნენ. დამნაშავის დედა მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუტყვია. ქალი იხსენებს იმასაც, რომ მატეუშს საკუთარი მეგობარი გოგონები სახლში მიჰყავდა და მშობლებს აცნობდა.
ზაფხულის ბოლო დღეებში გოგონა მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში ისევ აღმოჩნდა. ამჯერად მან გადაწყვიტა, ექიმებისათვის ყველაფერი მოეყოლა და მათაც პოლიცია გამოიძახეს. მალე სამართალდამცავები სოფელ ჰაიკიში ჩავიდნენ, ბეღელი შეამოწმეს და ყველაფერი ნახეს.
ახლა მატეუში დაკავებულია. მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.