3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე- ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს, „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი სამტრედიელი, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლაშა ცაგარეიშვილი სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია. მისი მშობლიური სკოლისთვის ამ ამბის გაგება ნამდვილი ტრაგედია იყო. სკოლის პედაგოგი ლუდა სტურუას თქმით, ლაშას დღეს მთელი სკოლა ხმამაღლა ტიროდა:
„ლაშას სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით. განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა.
მთელი სამტრედია დამწუხრებულია და ადამიანები მეორე დღეა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა საუკეთესო ახალგაზრდა დაკარგა ლაშას სახით სამტრედიამ, მთელმა ქვეყანამ“, – განაცხადა მასწავლებელმა.
გურია ნიუსი