„ღამის სარდაფი“ – ასე ჰქვია სოციალურ სივრცეში ორი ახალგაზრდის მიერ შექმნილ პლატფორმას, რომლებსაც საზოგადოება „რიბაკი ბიჭების“ სახელით იცნობს.
ლუკა გადელია და ლაშა გუშარაშვილი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდნენ, მათმა ვიდეოებმა საზოგადოების დიდი ყურადღება და პოპულარობა დაიმსახურა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ეპიზოდი „სათევზაოდ“, რომელიც ხალხმა აიტაცა, სწორედ აღნიშნული ვიდეოდან გამომდინარე მოიხსენიებენ ლუკასა და ლაშას, როგორც „რიბაკი ბიჭები“.
საინტერესო და სპეციფიკური იუმორი მათი სახასიათო ნიშაა, ამიტომ დაიჯესტი „ღამის სარდაფს“ დაუკავშირდა, რათა „რიბაკი ბიჭების“ შესახებ მეტი შეიტყოთ:
– რას საქმიანობთ, ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებამ აიტაცა და გაიცნო, როგორც „რიბაკი ბიჭები“?
„ღამის სარდაფი“: „რიბაკი ბიჭები“ არიან სულით და ხორცით არტისტები. თევზჭერა უბრალო რაღაც არ არის, თევზჭერა არის ხელოვნების სფერო. თევზჭერის რამდენიმე სტილი არსებობს. რას ვსაქმიანობ? – ჩვენ ერთი საქმე არ გვაქვს. მე ბევრგან მიმუშავია ძალიან ბევრ სამსახურში. ამჟამად გამოყრილები ვართ სამსახურიდან და მხოლოდ კონტენტის კეთებით ვართ დაკავებულები. რკინის საამქროში ვმუშაობ ახლა ლითონს ვადნობ. ჩემი ჰობია.
@nightsardafi ამ ვიდეოთი ამოვწურავთ თევზაობას ☠️😂😂😂 სრული გადაცემა იუთუბზდ: ღამის სარდაფი გამიგვიწერეთ ✌️🫰 #ღამისსარდაფი #ღამის #სარდაფი #თევზაობა #ტასტალობიკი #თევზი #ფორიუ ♬ original sound – ღამის სარდაფი/Night Sardafi
„ღამის სარდაფი“: საქმიანობას რაც შეეხება, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდით დიზაინერად და ვაკეთებდით დიზაინებს, სხვადასხვა კოსტიუმებს. ასევე ვაკეთებდით მუსიკას. მოკლედ „არტ კომპანიაში“ ვმუშაობდით სახელს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ გამოგვაგდეს და არ გვინდა შავი პიარი. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდით არტისტებს ვატრენინგებდით ვასწავლიდით. მაგალითად როგორ უნდა გამოვიდნენ სცენაზე, როგორ უნდა გადალახონ კამერის შიში, როგორ უნდა ისაუბრონ თავისუფლად და როგორ უნდა ჩაატარონ სცენაზე პერფორმანსი. ჩვენ შევხვედრივართ ისეთ არტისტებს, ისეთ მსახიობებს მოცეკვავეებს თუნდაც აკრობატებს, რომლებიც თავის საქმის პროფესიონალები არიან. მაგრამ როცა ამ ადამიანებს თავისი საქმის დიდი აუდიტორიისთვის ჩვენება უწევთ და სცენაზე გამოსვლა, თითქოს იბნევიან. რაღაცების გადალახვა უჭირთ და სჭირდებათ პატარა ტრენინგი, იმისათვის რომ ის ცოდნა ის პროფესიონალიზმი, რაც აქამდე დააგროვეს სცენამდე მიიტანონ. მოკლედ არტისტებს სხვადასხვა საკითხებში ვეხმარებოდით არა მარტო ამაში. ასევე ხუმრობა იქით იყოს და კოსტიუმების აწყობაში კოსტიუმების დიზაინში და ა.შ. ხელოვნების სფეროთი ვართ ძირითადად დაკავებულები.
შევწყვიტეთ საქმე რამდენიმე დღე არის უკვე. მივატოვეთ. სამი წელია ამ საქმეს ვაკეთებდით და ახლა მხოლოდ გადართული ვართ კონტენტის კეთებაზე მთელი ძალებითა და შემართებით. კომპანია ქართული არ იყო. ქართველები ამ კომპანიაში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ გვინდოდა ჩვენი კონტენტისთვის უფრო მეტი დრო დაგვეთმო და 24 საათი გვემუშავა ჩვენი კონტენტის განვითარებაზე. ძალიან მიზერულ დროს ვუთმობდით იმ კომპანიაში მუშაობისას. კარგი შედეგი მაინც მოდიოდა და „ფიდბექიც“ კარგი გვქონდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ სრული ძალებით გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ და პატივი ვცეთ ჩვენს გამომწერებს. როდესაც გარკვეული აუდიტორია გყავს, ვალდებული ხარ ხარისხიანი და კარგი რაღაც შესთავაზო. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ სფეროში ასეა. ამიტომაც რახან ჩვენი აუდიტორია, რომელიც ასე მოულოდნელად ავაგროვეთ გადავწყვიტეთ, რომ მათ პატივი ვცეთ და უფრო ხარისხიანი კონტენტი მივაწოდოთ ყველა მხრივ. იქნება ეს ტექნიკურად თუ იდეურად.
– რატომ გადაწყვიტეთ იუთუბის არხის შექმნა და რა გამოარჩევს მას სხვა იუმორისტული შინაარსის იუთუბ არხებისგან? – აღსანიშნავია რომ განსხვავებული იუმორი გაქვთ…
„ღამის სარდაფი“: ჩვენ ამ საქმის კეთება გადავწყვიტეთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ. ბაღიდან მოყოლებული ერთად ვართ. ბაღი სკოლა უნივერსიტეტი და ა.შ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ერთად ვართ. სულ ასე ვხუმრობდით ერთმანეთთან. მოგეხსენებათ ამდენ წელს, რომ ერთად გაატარებთ ადამიანები შეხუმრებულები იქნებით. ყველა ირგვლივ ამას ამბობდა, რომ ერთად რაღაც მომავალი გაქვთო. თან სოციალური სივრციდან ძალიან ბევრი მდარე იუმორი მოდიოდა. რატომღაც ასეთი ფიქრი გამიჩნდა თავში, რომ ეს მდარე იუმორი თუ რაღაც საზოგადოებისთვის მისაღები იყო ვიფიქრე რომ გამოვიდოდა.
– ერთ დღესაც გახდით პოპულარულები, რა შეგრძნება იყო ეს? დაგეგმილი იყო თუ იმპროვიზებული „რიბაკი ბიჭების“ ვიდეო, რომელიც ასე ვთქვათ „გავარდა“?
„ღამის სარდაფი“: ჩვენ სანამ არხს გავაკეთებდით, გვქონდა მანამდე სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდით პატარა „ფროდაქშენი“ და ხმის ჩამწერი სტუდია გვქონდა. ვიღებდით რაღაც-რაღაცებს, საინტერესოს არაფერს. ასევე შეკვეთებსაც ვიღებდით. შემდგომ უკვე დავიწყეთ გადაცემების ჩაწერა. სხვა არხზე დავიწყეთ თავიდან გადაცემების ჩაწერა და რატომღაც სურვილი არ გაგვიჩნდა რომ გაგვეგრძელებინა. თავიდან, იმიტომ რომ რესურსიც არ გვქონდა და გამოხმაურებაც ნაკლები მოყვა. შემდგომ უკვე ახალი არხი გავაკეთეთ. თავიდან ვცადეთ „ტიკ-ტოკის“ საშუალებით ახალი გადაცემების ატვირთვა. ვიფიქრე თუ გამოხმაურება ექნება, მაშინ ახალი გადაცემების ჩაწერას დავიწყებ მეთქი. ძველი გადაცემების მონაკვეთებს ვტვირთავდით „ტიკ-ტოკზე“ და თითქმის ყველა ვიდეო „ფორიუზე“ იყო. ხალხიც გვიწერდა კომენტარებში „იუთუბი“ გააკეთეთო. რახან ასეთი დადებითი გამოხმაურება მოყვა გავაკეთეთ სამი თვის წინ „იუთუბი“. „ტიკ-ტოკი“ ცოტა ადრე შევქმენით. ნორმალურად მიდის ზრდის მაჩვენებელი დღესდღეობით.
@nightsardafi ახალი ცეცხლოვანი ეპიზოდი იუთუბზე. პ.ს კი ხედავთ ეგერ რა რეკლამა მივეცით გადაზიდვის #ღამისსარდაფი #ღამის #სარდაფი #ახალი #ეპიზოდი #რიბაკიბიჭები #გადაზიდვა #რეკლამა #ფორიუ ♬ original sound – ღამის სარდაფი/Night Sardafi
– რას ნიშნავს იუთუბერისთვის ურესურსობა?
„ღამის სარდაფი“: ურესურსობაზე საუბარს, როცა იწყებ პირველ რიგში რაღაცის გაკეთება გინდა გამოდის. უბრალოდ გადაღებულია კამერით, მიკროფონი საერთოდ არ გიკეთია. სტუდია საერთოდ არ გაქვს. როდესაც ამ ყველაფერს მაყურებელი ნახულობს. სურვილი უფრო ნაკლებია, რაც არ უნდა კარგს აკეთებდე, რომ გიყუროს ვიღაცამ. პირადად ჩემთვისაც ძალიან რთულია, რაც არ უნდა კარგ რაღაცას ვუსმენდე შხრიალით რომ მესმის ხმა, გამოსახულება ბნელია, ციმციმებს და გარკვევით უნდა ვივარაუდო რა თქვა და რა იყო. მოკლედ ურესურსობა არის საშინელება. ძალიან ცუდი. ურესურსობა ნიშნავს დაბალ ხარისხს.
@nightsardafi 😂😂😂😂 #ღამისსარდაფი #ღამის #სარდაფი #მუკბანგი #ახალი #ეპიზოდი #იუთუბზე #ქორწილი #წერა #ფორიუ ♬ original sound – ღამის სარდაფი/Night Sardafi
– რა შეცვალა პოპულარობამ თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში?
„ღამის სარდაფი“: ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე საერთოდ არ ვარ პოპულარული. „რიბაკ ბიჭებამდე“ იყო ვიდეოები და მაგის შემდეგაც ძალიან ბევრი ვიდეოა, რომლებმაც პოპულარულობა მოიპოვა. უბრალოდ ასეთი ალგორითმია, რაღაცის გამო ასე რომ ვთქვათ ბრჭყალებში „გავარდა“, იმიტომ რომ დაემთხვა კარგი მზიანი ამინდი, რის შედეგადაც კამერამ კარგი ფერები მოგვცა, ქარიც არ იყო და კარგი ხმაც მოგვცა კამერამ და უბრალოდ შესანიშნავ ხასიათზე ვიყავით და ჩვენი შეხუმრებაც ძალიან ბუნებრივი იყო. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანს მოეწონოს იუმორი, პირველ რიგში ბუნებრიობაც. ამ ბუნებრიობას თან ერთვოდა ხარისხიც. მოკლედ ეს ვიდეო გავარდა, მაგრამ მარტო ეგ ვიდეო არ გავარდნილა მაგასთან ერთად ბევრი იყო. ძალიან ბევრ ვიდეოს აქვს ბევრი ნახვა.
– პოპულარობასთან ერთად, გაჩნდნენ თუ არა თქვენს ცხოვრებაში სპონსორები ?
„ღამის სარდაფი“: რა თქმა უნდა ცნობადობასთან ერთად სპონსორები გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ, სპონსორები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი გადაცემის ხარისხი. ცხოვრებაში სხვა არაფერი არ შეცვლილა. ცხოვრებაში რა უნდა შეიცვალოს ეგეც ვერ გამიგია. პოპულარული რომ გახდები რა უნდა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში, ეგეც ვერ გამიგია. რამე პიროვნულად აზროვნების მხრივ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ ბევრი გამომწერი გვყავს და ბევრი სპონსორი გვყავს. მეტი ისეთი არაფერი არ შეცვლილა.
– ამჟამად რამდენი გამომწერი გყავთ ინტერნეტ სივრცეში?
„ღამის სარდაფი“: თქვენთან ერთად ვნახავთ ახლა შევხედავთ ტყუილი, რომ არ გამოგვივიდეს. ვნახავთ თუ იქნება სხვაობა ჩვენს მოწოდებულ ინფორმაციასა და თქვენს გადამოწმებულს შორის. ამჟამად 29 387 გამომწერი გვყავს.
– ვიდეოები, რომლებიც ფართო აუდიტორიამდე გადის, იმპროვიზაციაა და ვიდეოების ჩაწერის დროს გებადებათ იდეები თუ წინასწარ გაწერილი სცენარი გაქვთ?
„ღამის სარდაფი“: ვიდეოს გადაღებას ადრე სხვანაირად ვგეგმავდით ახლა სხვანაირად ვგეგმავთ და სამომავლოდ კიდე სხვანაირად დაიგეგმება. იმიტომ, რომ როდესაც ვიდეოებს იღებ, წინა ვიდეოებიდან გამომდინარე ხვდები რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. რა იყო შეცდომა და როგორ ჯობია შემდეგში გააკეთო. თავიდან ბევრი რაღაც დაწერილი გვქონდა და იმის მიხედვით მიგვყავდა ეპიზოდი და ვსაუბრობდით რაღაცებს, თუმცა შემდეგ ერთი გადაცემა რომ გადავიღეთ ისე, რომ საერთოდ არაფერი არ დაგვიწერია და არაფერზე არ შევთანხმებულვართ, უბრალოდ ჩვენი აზრები და დიალოგი ჩავწერეთ, რომელიც გახდა ყველაზე ნახვადი გადაცემა „თევზაობა“ როცა გადავიღეთ. მაგის მერე ალბათ არცერთი გადაცემა წინასწარ არ დაგვიწერია. იმპროვიზაციით დავსხდებით, ვლაპარაკობთ რაღაცებს და შეხუმრებულები ვართ. სულ ეს არის გადაცემის მთელი აზრი და სცენარი.
– როგორია თქვენი ერთი დღე?
„ღამის სარდაფი“: ჩემი ერთი დღე შეიძლება ძალიან კარგი იყოს და მეორე ძალიან ცუდი. ასე, რომ რომელი ერთი დღე მოვყვე არ ვიცი. დაგეგმილი დღეები ჩვენ არ გვაქვს. პირველი ვიღვიძებთ ვიხეხავთ კბილებს….. ყველაფერი ვთქვათ ნუ გერიდება ყველაფერი შეიძლება ხომ მოვყვეთ. დილით ვდგებით ვიხეხავთ კბილებს, ვაკეთებთ ავოკადოს ტოსტს შემდეგ ვვარჯიშობთ, ვარჯიშის მერე ვისვენებთ. დასვენების შემდეგ იდეებს ვწერთ ვიდეოსთვის და შემდეგ… ვიძინებთ. დღის სამ საათზე ვამთავრებთ უკვე დღეს. ვიწყებთ ცხრა საათზე და ვამთავრებთ სამ საათზე. ახლა სპეციალურად თქვენი ინტერვიუსთვის გავიღვიძეთ.
ჩვენს გამომწერებს ვურჩევდი ყველას აჩვენონ ჩვენი ვიდეოები და გამოაწერინონ.
– რას ურჩევდით დამწყებ იუთუბერებს?
„ღამის სარდაფი“: იმუშაონ ბევრი საკუთარ თავზე.
– და რა იქნება?
– შეიცვლებიან
– იქნებ შესაცვლელი სულ არ არის ის კაცი.
– დამწყებ იუთუბერებს ვურჩევდით… არსებობენ „მწყერი“ და „არწივი“ იუთუბერები.
– არწივი იუთუბერები ვინ არიან?
„ღამის სარდაფი“: არწივები ჩვენ ვართ.
დამწყებ იუთუბერებს ვურჩევდი, რომ… რეალურად ჩვენც დამწყებები ვართ. უბრალოდ დაიწყონ და თუ დაიწყებენ არ გაჩერდნენ. მოუსმინონ იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო გამოცდილები არიან, რომლებიც წარმატებულებიც არიან, ამავდროულად მათი ახლობლებიც და წარმატებულებიც. ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი ძალიან ბევრ ცუდ რჩევას იძლევა ამ სფეროში. ამიტომ მოუსმინონ მხოლოდ ახლობლებს. მიიღონ გამოცდილი იუთუბერების რჩევები…. დაა რა ქნან კიდე?
ლუკა გადელია: ივარჯიშონ და სესხი გააკეთონ. და იკითხონ.
ლაშა გუშარაშვილი: და სიგარეტი არ მოსწიონ.
ლუკა გადელია: და პაპიროსს არ დაეტანონ და განათლებას მიხედონ. არასოდეს არავისი არაფერი არ შეშურდეთ.
– ქართველი იუთუბერებიდან ან ინფლუენსერებიდდან, რომელს გამოარჩევდით, ვინ ქმნის ხარისხიან კონტენტს საქართველოში?
ღამის სარდაფი: არსებობენ ბევრნაირი იუთუბერები საქართველოში. არსებობს ბევრი ხარისხიანი იუთუბერი, რომლებისაც მხოლოდ ხარისხი მოგვწონს. არსებობენ ისეთებიც, რომელთა კონტენტი მოგვწონს და თვითონ ადამიანები მოგვწონს. გამორჩეულად ეგეთს ვერ დავასახელებთ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვადევნებთ თვალს იუთუბს. ჩვენ იუთუბერებიც არ ვართ ჯერ.
– როგორ რეაგირებთ „რიბაკი ბიჭების“ვიდეოს საყოველთაოდ ატაცებაზე?
„ღამის სარდაფი“: თუ სახალისო ვიდეოებია მაშინ ვხალისობთ, პაროდიებზე არა. მაგრამ თუ სახალისო არ არის მიმიკა შეუცვლელი სახით ვუყურებთ და შემდგომ ვთიშავთ.
– უყვართ თუ არა „რიბაკ ბიჭებს“ თევზაობა?
„ღამის სარდაფი“: ჩვენ, რომ თევზაობა არ გვიყვარდეს ყოვლად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ჩვენ რომ თევზაობა არ გვიყვარდეს ახლა საჭმელი არ გვექნება. ჩვენ თევზაობით ვსაზრდოობთ. ჩვენ ვართ ქალაქი ფოთიდან. ჭორები დადის ჩვენზე, ფული იშოვესო ბიჭებმა, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ახლაც ანკესები გვაქვს ჩაყრილი. მეექვსედ მაქვს ანკესი გადაგდებული. თევზაობა რა თქმა უნდა გვიყვარს. თევზი არ გვიყვარს – თევზს გააჩნია. კარგი თევზები გვიყვარს იშვიათი და დიდები. პატარები და რომ არ იჭმევა ისეთები არ გვიყვარს.
ავტორი: ნინი ჭიჭინაძე
წყარო: digest.ge