“ზვიადმა თვენახევარი იქნება, რაც ციხე დატოვა და ახლა ამხელა ტრაგედია დაატრიალა, სამი ადამიანი მოკლა. ამხელა ტრაგედია დაატრიალა და არ იფიქრა შვილებზე, რომელიც ისედაც დასტრესილები იყვნენ ადრე მომხდარი დანაშაულის გამო. უმცროს გოგონაზე ისე იმოქმედა დედის დაჭრამ, რომ ბავშვს დაემართა ენის “პარალიჩი” და ნორმალურად ვერ მეტყველებს. ბავშვებს შიშები დასჩემდათ, ისე დაისტრესნენ მაშინ და ახლა რა დღეში იქნებიან, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ციხიდან თვენახევრის წინ გამოვიდა, ერთად წავიდნენ დასასვენებლად სვანეთში, მერე რაჭაში და იქიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ,” – ამის შესახებ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ შემზარავ, სამმაგ მკვლელობის საქმეზე, მოკლული ქალის, ფიქრია თულუღაშვილის ოჯახის ახლობელი ყვება.
ცეცხლსასლროლი იარაღიდან გასროლით მოკლულები არიან, ბრალდებულ ზვიად ზურაბაშვილის მეუღლე ფიქრია თულუღაშვილი და ბრალდებულის ბავშვობის მეგობრები და მეზობლები მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. სამი ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
“ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
ზვიადი თავიდან არააგრესიული და ოჯახზე გადამკვდარი ბიჭი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა და დალევის დროს სულ სხვანაირი ხდებოდა. ამას დაემატა ის, რომ მან დაიწყო მოსაწევი ნარკოტიკის მოხმარება, ეს აისახა მის ორგანიზმზე და ჰალუცინაციები დაეწყო. რაღაცეები ეჩვენებოდა ხოლმე. ფიქრია მიყვებოდა, ამბობს, ოთახში ვიღაცამ გაიარა, ფარდის უკან ვიღაც დგასო… ეჭვიანიც გახდა, არადა, ფიქრიას არასოდეს მიუცია მისთვის ეჭვიანობის საბაბი. უწესიერესი და უკარგესი გოგო იყო. იმდენად პატიოსანი, რომ მართლა წარმოუდგენელია მასზე ეეჭვიანა. მაგრამ ამ მოსაწევების გამო იმდენად შეიშალა, თურმე სადარბაზოშიც ყარაულობდა ცოლს და თუ სადმე წავიდოდა, უკან მიჰყვებოდა. ეს მერე თვითონ უთხრა თურმე ფიქრიას, რომ გეუბნებოდი ახაშენში მივდივარ, მაგ დროს სადარბაზოში გყარაულობდიო. დალევა უყვარდა, ვიდრე არ გაითიშებოდა, იქამდე არ ჩერდებოდა ხოლმე. მერე არაადეკვატური ხდებოდა.
ზვიადმა ცოლი დაჭრა, მაშინ ფიქრია სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ამ დანაშაულისთვის ორი წლის წინ დააკავეს. დანაშაული მაშინაც სწორედ იმ სახლში მოხდა, სადაც ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა.”
ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/314503-pikrias-zma-emudareboda-miatove-mozalade-kmario/