წყალმა ავტომობილები წაიღო, დანგრეულია ხიდები, დატბორილია ეზოები და სახლები – ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან.

დიდმა ნალექმა მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია.

სტიქიის შედეგად – დანგრეული ხიდები, დატბორილი ეზოები და სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები და ფრინველები, წყალმა ავტომობილები წაიღო. დატბორილია ეზოები და ბაღები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. გზა მდინარის მიერ მოტანილი ლოდებით არის დაფარული და მოძრაობა შეუძლებელია. დანგრეულია ხიდებიც.

უკვე 20 საათზე მეტია ადგილობრივები და სამაშველო სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ერთობლივად უმკლავდებიან.

„მთელი გზა და კვალია წაღებული. სულ ყველაფერი არის დაშლამული. ქათმები და წიწილები აღარ დამხვდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

„სტიქიამ გამოიწვია ინფრასტრუქტურის მთლიანად განადგურება, წაღებულია ხიდ-ბოგირები. ცენტრალური გზა დაზიანებულია და გადაადგილება შეუძლებელია“, – აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ