29 ივნისიდან შავმა მთვარემ სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლა და იქ მთელი 9 თვის განმავლობაში დარჩება.
რა ტენდენციებს მოიტანს მისი ტრანზიტი მთელი ამ 9 თვის განმავლობაში? – ამის შესახებ ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„ლილიტის ტრანზიტი სასწორში
29 ივნისს 13:19-ზე თბილისის დროით შავი მთვარე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და მთელი 9 თვით გადადის სასწორის ნიშანში.
რა არის ეს ლილიტი, რა კავშირშია მთვარესთან, რატომ ვუწოდებთ მას დღეს ბოროტების განსახიერებას, რა ადგილი უკავია ჩვენს პირად რუკებში და რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი ქალწულის ნიშანში?
რა ვიცით პირველი ქალის შესახებ, რა წერია ამის თაობაზე ბიბლიაში. უმეტესობისათვის პირველი ქალი ასოცირდება ევასთან, რომელიც უფალმა ადამის ნეკნისაგან შექმნა. არადა ბიბლიის პირველივე თავში, მეტის მის პირველივე გვერდზე გვიწერია რომ: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი’’.
ანუ თანამედროვე ქართულით თუ ვიტყვით – მეექვსე დღეს ღმერთმა ერთდროულად შექმნა კაციც და ქალიც სახედ და მსგავსად თვისაა. აქ არსადაა ნეკნზე საუბარი. თუმცა მომდევნო თავში ვკითხულობთ, რომ უფალმა ადამს ყველა მისგან შექმნილი ცხოველი მოჰგვარა და ადამმა მათ სახელები უწოდა. მაგრამ ადამის შემწე და შესაფერი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთმა დააძინა ადამი, გამოუღო ნეკნი, შექმნა დედაკაცი და მიუყვანა ადამს…
გულისხმიერ მკითხველს აქ წესით უნდა დაებადოს შეკითხვა: რა იქნა ის დედაკაცი, რომელიც უფალმა სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს, ადამთან ერთად შექმნა? სად გაქრა ის პირველი ქალი? რა გამოვტოვეთ? უფრო სწორედ კი – რა გამოგვიტოვეს? რას აღარ გვიყვებიან ამ ორ გვერდს შუა, რა ინფორმაცია უნდა ყოფილიყო თავის დროზე და რა არის ესეიგი ამოღებული?
ეს რომ გავარკვიოთ, მოდით მივმართოთ მე-8 საუკუნის ავტორს ბენ სირაჰს და მის „ანბანს“, სადაც ირკვევა, რომ ადამის პირველი ცოლი ყოფილა ლილიტი, რომელსაც არ მოუსურვებია ასე ვთქვათ ადამის ქვეშ დაწოლა. ის მოითხოვდა თანასწორ უფლებიანობას და რადგან ვერ მიიღო ეს ადამისაგან, ჩათვალე პატრიარქალური სისტემისაგან, ადგა მიატოვა ეს შენი ადამიც, სამოთხეც და წავიდა არც მეტი, არც ნაკლები ერთ-ერთ მთავარანგელოზთან – სამუილთან. სამუილი ებრაელთა ტომის წარმოდგენებში რომის მფარველად, შესაბამისად კი ისრაელის მტრად განიხილებოდა. ამიტომ მას მიეწერებოდა მდაბალი თვისებები. შესაბამისად სამუილთან გაფრენილი ლილიტიც უწმინდურად ჩაითვალა. და როგორც ლეგენდა გვიყვება, მან მართლაც უფლის მიერ მივლენილ ანგელოზებს უარი უთხრა ადამთან დაბრუნებაზე. მეტიც – დაიქადნა რომ მოაკვდინებდა ყველა ახალშობილს. ამის მერე ანგელოზები დაჰპირდნენ, რომ არ მოსთხოვდნენ დაბრუნებას, და ჩამოართვეს პირობა, რომ თავის მხრივ, ლილიტიც არ შეეხებოდა იმ ახალშობილებს, ვისაც ამ ანგელოზთა სახელზე დამზადებულ ამულეტს დაუნახავდა.
სხვათა შორის უნდა ისიც აღინიშნოს, რომ მაშინდელმა მღვდელთმსახურებმა კარგად მოითბეს ხელი მსგავსი ამულეტების გაყიდვით, პლიუს მზადდებოდა თიხის ფიალები ხელფეხშეკრული ლილიტის გამოსახულებით თასის ცენტრში, ხოლო კედლებზე სპეციალური შელოცვის წარწერებით. სავარაუდოდ ასეთი თასიდან დალეული ასმელი ‘’ იცავდა’’ მამაკაცებს ლილიტისაგან, რომ ის არ გადამძვრალიყო ღამით მათ ფანჯრებში და არ დაემყარებინა მათთან სექსუალური კავშირი, ვიდრე მათ ეძინათ.
არანაკლებ იმუშავა ლილიტის გაშავებაზე კაბალამაც, მაგრამ კაბალაზე საუბარი ძალზე შორს წაგვიყვანს და სჯობს ისევ ლილიტს დავუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ თურმე თუ კარგად ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ, რომ ლილიტი ბიბლიის პირველსაკუთრება როდია, და რომ თორას დაწერამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული საუკუნით ადრე ძველ ბაბილონურ რელიგიაში არსებობდნენ ბოროტი დემონები, ვისაც ახალშობილების ჭამა და დაუქორწინებელი ახალგაზრდების მორალური გახრწნა ბრალდებოდათ.
თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნოთ, ეს დემონები არ იყვნენ მხოლოდ მდედრობითი სქესის, მასკულინი ლილუები და ფემინური ლილიტუები. მოგვიანებით კი, როგორც ვნახეთ, ცოდვა მხოლოდ ლილიტს, ანუ ამ დემონის ქალურ ემინაციას მიაწერეს.
იყო ეს პატრიარქალური საზოგადოების გავლენით, რომელიც ცდილობდა ქალის როლის დაკნინებას? ალბათ იყო… დავუტოვოთ ეს თემა მკვლევრებს და ჩვენ დღევანდელ ლილიტზე გადმოვინაცვლოთ.
ყველაფერი იმის მერე, რაც უკვე ვთქვით, მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასტროლოგიაშიც ლილიტი ნეგატიურ ძალად არის აღქმული. ის გამოხატავს წინა ინკარნაციებში დაგროვილ ნეგატიურ კარმას, ქვეცნობიერ შიშებს, კომპლექსებს, სისუსტეებს, ანუ ადამიანის მანკიერ მხარეს, რომელიც ამ განსხეულების დროს აუცილებლად უნდა დამუშავდეს. ლილიტი არის იმ ცდუნებების სიმბოლოც, რომლებიც ამ ცხოვრებაში გველის..
მაგრამ რა შუაშია ის შავ მთვარესთან, და როგორც იტყვიან, რა საჭიროა ეს ორი სათაური?
მართლაც რამდენიც არ უნდა ეძებო ცაზე შავი ფერის მთვარე, ნამდვილად ვერ იპოვი, ლილიტი არის გამოთვლითი, ანუ ფიქტიური წერტილი მთვარის ორბიტაზე.
მთვარეს, როგორც ალბათ იცით აქვს ეკლიპსური, გაწელილი ფორმის ორბიტა და ეს ლილიტიც ამ ორბიტის უშორეს წერტილს წარმოადგენს. აქედან – მისი სიბნელეც და სიშავეც.
რაც შეეხება მთვარეს, უნდა ითქვას, რომ ამ მნათობს ასტროლოგიაში ძალზე დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ის მართავს ადამიანის შიდა სამყაროს, ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს ქვეცნობიერს. საგულისხმოა ალბათ ისიც რომ დედამიწის თანამგზავრი ჩვენკენ მხოლოდ ცალი მხარით არის მობრუნებული. მისი მხოლოდ ცალი მხარეა განათებული და აღქმადი. მეორე, ბნელ მხარეს, როგორც ამბობენ აერონავტებმაც კი ვერ შეძლეს გადასვლა. ანუ არის რაღაც ჩვენს ქვეცნობიერში მიჩქმალული და მიმალული. სწორედ ამ ბნელ ნაწილს განაგებს შავ მთვარედ წოდებული ლილიტი.
სასწორი, რომელშიც მომდევნო 9 თვე ლილიტი იმოძრავებს ვენერას მიერ იმართება. ამიტომ სწორედ ეს თვისებები იქნება მახინჯი ფორმებით წამოწეული წინ, სასწორის ლილიტი აცდუნებს ღალატით, სამართლიანობის რღვევით, არადიპლომატიურობით, სკანდალებით, საზოგადოებრივი იმიჯის ჩამოშლით, მიკერძოებული განაჩენით, ინტრიგებით, სხვების აზრის მანიპულირებით, კომპრომისების არასწორი გამოყენებით და ასე შემდეგ.
უნდა ითქვას რომ ლილიტის სამი გამოვლინება, სამი საფეხური არსებობს.
პირველი, როდესაც ადამიანი უარს ვერ ამბობს იმაზე რაზედაც ლილიტი უბიძგებს. ვერ განასხვავებს კარგსა და ცუდს ერთმანეთისაგან. სჩადის ცუდ საქციელს და ტკბება საკუთარი ქმედებებით.
მეორე – ცდილობს გაუმკლავდეს ცდუნებებს, დამუშავების გზაზეა დამდგარი, მაგრამ ამ ეტაპზე წარსული თავს ახსენებს და მოდიან მის ცხოვრებაში სხვა ადამიანები და მოაქვთ სიტუაციები, რომლებიც ახლა უკვე მას უფუჭებენ ლილიტის თემებში საქმეს.
მესამე საფეხური ლამის მტრედია… თუმცა მე პირადად ასეთი არ შემხვედრია..
ახლა კი მოდით განვიხილოთ რა ცდუნებების შემოთავაზება შეუძლია ლილიტს სასწორში მოგზაურობისას თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისათვის.
რა შეიძლება რომ მათ შეეშალოთ და სად უნდა იყვნენ ფხიზლად და ფრთხილად.
ვერძი – პარტნიორობა, სოციალური იმიჯი, სამართლიანობა
კურო – ჯანმრთელობა, შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობები.
ტყუპები – თამაში, კაზინო, მავნე ჩვევები
კირჩხიბი – ოჯახური საიდუმლოებები, პრობლემები მშობლებთან ურთიერთობაში, უარეს შემთხვევაში სამშობლოს ღალატი
ლომი – ჭორები, შური
ქალწული – ზედმეტი ფლანგვის მოთხოვნილება ან პირიქით გაუმართლებელი წუწურაქობა
სასწორი – არამცდაარამც არ შეიცვალოთ სტილი, გაუფრთხილდით იმიჯს, ფრთხილად პარტნიორულ ურთილერთობებში
მორიელი – არსებობს საფრთხე რომელიღაც სექტის, ან ნეგატიური ეგრეგორის წრეში გაწევრიანების, შეხება მაგიასთან, ბნელ სამყაროსთან. ფარული ცოდვები
მშვილდოსანი – პრობლემები მეგობრებთან, პირადი თავისუფლების არასწორი აღქმა
თხის რქა – ძალაუფლების გადამეტება, სამსახურებრივი რომანი, არასწორი მიზნები
მერწყული – არასასურველია მოგზაურობა, არასწორი დამოკიდებულება რელიგიის საკითხების მიმართ
თევზები – პარტნიორის ღალატი, შეხება მაგიასთან, სხვისი ქონების//საკუთრების მითვისების სურვილი“,- წერს ხათუნა ნოელი.