როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა და გმირმა ახალგაზრდა კაცმა და შემდეგ ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს? – უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან

საჩხერეში ნამდვილი სასწაული მოხდა. 18-მეტრიან ჭაში ჩავარდნილი ბავშვი არგვეთელმა ნუგზარ კიპაროიძემ უდიდესი რისკის ფასად ჭიდან ამოიყვანა და მას სიცოცხლე აჩუქა. მერე უკვე ექიმებმაც არანაკლები სასწაული ჩაიდინეს და პატარას გაჩერებული გული აუმუშავეს…

“საზოგადოება საჩხერელი” ამ ამბის მოკლე ვერსიას ავრცელებს:

“სამწლინახევრის ლამაზი, გონებაგახსნილი, ონავარი ბიჭი, დემეტრე კიპაროიძე მეზობელ თანატოლთან, სოფოსთან გადავიდა სათამაშოდ.

ბებია ლამზირამ, სანამ ბავშვს მიაკითხავდა, განწირული კივილი გაიგონა  – არიქა, გვიშველეთ, ბავშვი ჭაში ჩავარდაო.

მყისვე ჩავიდა 18 მეტრი სიღრმის ჭაში დემეტრეს მამა, გიორგი, ეძება, ვერ იპოვნა და სასოწარკვეთისაგან განადგურებული ამოვიდა.

ახლა გიორგის მეგობარი ნუგზარ კიპაროიძე გაუჩინარდა ჭაში და ცოტა ხნის შემდეგ უსულო ბავშვის სხეულით ამობრუნდა.

„ჩავყვინთე, ვეძებე, სანამ სუნთქვა არ შემეკრა. ამოყვინთვა რომ დავაპირე, ფეხით რაღაცას შევეხე და  ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო“, – თქვა ნუგზარმა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების ექიმებმა, განსაკუთრებით რეანიმაციის განყოფილების გამგემ, მამუკა ახვლედიანმა  ყველაფერი იღონეს, რომ ბავშვის გაჩერებული გული ამუშავებულიყო. მერე რეანომობილი, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა და…

პატარა დემეტრეს მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია”.

პატარა დემეტრე გარკვეული პერიოდი აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპარატიდან მოხსნეს, რადგან მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სასწაულებრივად გადარჩენილი დემეტრე კიპარიოძე მალე გამოჯანმრთელდება.

შესაძლოა დაგაინტერესოთ