3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც ავტომობილი ტექინსპექტირებისას ხარვეზდება

„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, გასულ წელს საქართველოში ტექინსპექტირება 927 ათასმა ავტომობილმა გაიარა, ხოლო 2022 წელს – 789 ათასმა.

როგორც შიოლაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის სტატისტიკა იმ ავტომობილების შესახებ, რომელმაც ტექდათვალიერება გაიარა, ჯერჯერობით დამუშავებული არ არის.

მისი თქმით, ტექინსპექტირების შედეგად, ავტომობილების უმეტესობა სამი ძირითადი მიზეზის გამო ხარვეზდება:

„უმეტესად მაშუქი ფარების გაუმართაობის გამო ხარვეზდება ავტომობილი, პრობლემურია ასევე სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი – ძირითადად, ეს პარამეტრები ხდება დახარვეზების მიზეზი“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ტექინსპექტირების გაძვირებასთან დაკავშირებით. როგორც შიოლაშვილი ამბობს, ფასები შესაძლოა, 30 ლარით გაიზარდოს. მისი თქმით, კონსულტაციები ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„ჯერჯერობით არ დასრულება კონსულტაციები ტექინსპექტირების გაძვირებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები და ვნახოთ რა იქნება. ალბათ, შემოდგომით უფრო გააქტიურდება პროცესები“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში 1 729 081 ავტომობილია რეგისტრირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მხოლოდ შვიდ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი. რაც შეეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

შესაძლოა დაგაინტერესოთ