რატომ ვერ იმართება საქართველო-ჩეხეთის მატჩი დინამო არენაზე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიზეზებზე საუბრობს და იმ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო.
წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო. დოკუმენტი, რომელიც 6 აგვისტოთი თარიღდება, ერთ-ერთ მედიაში არასრული შინაარსით გავრცელდა, სადაც იარუსის შემოწმების საჭიროება ნახსენები არ არის. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილი გაასაჯაროვა.
“როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.
ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციდან – მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია.
არა მგონია, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ან ფეხბურთი აინტერესებდეს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა.
თუმცა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სტადიონის ადმინისტრაციიდან მოვიდა ჩვენთან წერილი და, ასევე, სიტყვიერად გვქონდა მათთან საუბარი, თუმცა არსებობს წერილი, სადაც ისინი საუბრობენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ რამე სხვა წერილი მისცეს, სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის – ჩვენთვის ეს უცნობია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ არსებობს წერილი, რომელიც გამოგვიგზავნა ადმინისტრაციამ, სადაც საუბრობენ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია – პირველ იარუსთან დაკავშირებით,“ – აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.