„ყოველ 15 წუთში მოდის შეტყობინება და გაფრთხილება, თუ რა უნდა გააკეთოს ხალხმა. სულ ტელეფონის გვერდით ვარ, ვერაფერს ვაკეთებ. ძალიან დაძაბული ვარ“ – ამის შესახებ ქართველმა ემიგრანტმა, თინა ჯმუხაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
„დავუკავშირდი ჩემი მოხუცის შვილებს, რომლებიც ამბობენ, რომ, ჯერჯერობით, საშიში არ არის. ზოგადად ჩემს რეგიონზე, ეკალზე, ამბობენ, რომ აქ არასდროს არ მომხდარა ხანძარი. არ ვიცი ამით მამშვიდებენ თუ რა არის. მე ეს არ დამამშვიდებს. ყოველ ნახევარ საათი კი არა, ყოველ 15 წუთში მოდის შეტყობინება და გაფრთხილება თუ რა უნდა გააკეთოს ხალხმა. სულ ტელეფონის გვერდით, ვერაფერს ვაკეთებ. ძალიან დაძაბული ვარ.
“ვაიბერზე” ოჯახს ძალიან ბევრჯერ მივწერე, წავალთ მეთქი, შიშში რატომ უნდა ვიყოთ, ეს ხომ სტრესია?! ოჯახს აღარ ვუყურებ, შეტყობინება, რომ მომივიდეს – ევაკუაცია თქვენს რაიონში დაიწყოო, ჩალაგებული მაქვს ჩანთები, გამზადებული ვარ და ეგრევე წავალ. ბებია თუ წამომყვება, წავიყვან. ვეცდები, გამოვიძახო ტაქსი და ამ დროს პოლიციაც ეხმარება. მზად ვარ, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მოვიდეს, რადგან ეგრევე წავალ სახლიდან. შვილს ვერ დაველოდები, რადგან სანამ შვილი მოვა, ერთი საათი მაინც დასჭირდება და 15 წუთში, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს ისეთი ზუზუნა ქარი და გრიგალია. არც ერთ შემთხვევაში დავიცდი. არ ესმით, როცა ასეთი საშიშროებაა, რისკის ქვეშ რატომ უნდა აცხოვრონ მოხუცი და მას თან მომუშავე. ახლა, ისეთ სტრესში ვარ, სახელი რომ მკითხონ, შეიძლება, ვერ ვუთხრა, ისეთი დაძაბული ვარ“, – ამბობს ემიგრანტი.
საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა. პარალელურად, საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე არ შესულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.