მედიაში ხშირად ვკითხულობთ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების შესახებ, რომელთა უდიდესი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებიდან არის.
აღმოსავლეთში ქალები გაცილებით ნაკლებად ხდებიან წარმატებული და დამოუკიდებლები.
დღეს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ეროვნებით სომეხი იყო.
მილიონერი, მატილდ მანუკიანი უამრავ ბიზნესში იყო ჩართული, თუმცა შემოსავლის დიდი ნაწილი პორნოინდუსტრიიდან ჰქონდა.
ვიდრე უშუალოდ მანუკიანზე საუბარს გავაგრძელებთ. მოკლედ მოგიყვებით თურქეთში პროსტიტუციის ლეგალიზების ისტორიას:
- თურქეთში პროსტიტუცია ლეგალური იყო 1923 წლამდეც, ანუ თანამედროვე რესპუბლიკის დაარსებამდე. სექსმუშაკებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ან ბორდელში იმუშაონ. ბორდელის მართვა ასევე ლეგალურია, მაგრამ იძულებითი პროსტიტუცია უკანონოა და ისჯება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით.
- ბორდელების მფლობელები იხდიან გადასახადებს, რისთვისაც აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი დაწესებულებები და დაასაბუთონ, რომ ეს დაწესებულებები შეესაბამებიან ჯანდაცვის წესებს. ადრე პოლიციას ევალებოდა ბორდელების დაცვა (2012 წლამდე), ახლა თავად ბორდელები ქირაობენ კერძო დაცვის კომპანიებს ამ სამუშაოსთვის.
- სექსუალური მუშაობის საკანონმდებლო რეგულირება ძირითადად ემყარება 1930 და 1961 წლების კანონებს. ისინი ადგენენ ძირითად წესებს სექს მუშაობის შესახებ: მაგალითად, ყველა სექსმუშაკი უნდა დაიბეგროს, სექსმუშაკებმა უნდა გამოიყენონ პრეზერვატივი და გაიარონ რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები.
- თურქეთში ლეგალურად მუშაობისთვის სექსმუშაკები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ და მიიღონ სპეციალური რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც მითითებულია ბოლო სამედიცინო შემოწმების თარიღი. ამგვარი ლიცენზიის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქე ქალბატონებს, მამაკაცებს არ აქვთ სექსმუშაკებად დარეგისტრირების უფლება.
- თურქეთში ყვავის არალეგალური პროსტიტუციაც, ბევრს არ სურს დარეგისტრირება და გადასახადების გადახდა, თუმცა ბოლო ხანს, თურქეთში საკმაოდ გართულდა ლიცენზიის აღებაც, ბევრს ესეც უბიძგებს არალეგალური საქმიანობისკენ.
მატილდ მანუკიანი 1914 წელს კონსტანტინოპოლში დაიბადა. არისტოკრატი სომხების ოჯახში, რომლებიც 1915 წლის გენოციდს გადაურჩნენ.
ის პორნო ბიზნესში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ქალი თავდაპირველად კერვით იყო გატაცებული. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, თუმცა მის ოჯახს პორნოინდუსტრიასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მატილდი ამ სფეროთი მას მერე დაინტერესდა, რაც მამის ერთ-ერთმა მოვალემ ვალის სანაცვლოდ მის მფლობელობაში არსებული ბორდელი შესთავაზა.
სწორედ აქედან იწყება მისი საქმინობა პორნო ბიზნესში, საიდანაც უზარმაზარ მოგებას იღებდა.
ის იყო ბორდელების ფართო ქსელის მფლობელი თურქეთში. 1992 წლის 4 ოქტომბერს თურქულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა Nokta-მ გამოაქვეყნა ვრცელი კვლევა თურქეთის 100 უმდიდრესი ადამიანის შესახებ. მატილდის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ის ყველაზე დიდ გადასახადებს უხდიდა სახელმწიფოს, რისთვისაც მთავრობამ 5-ჯერ დააჯილდოვა ოქროს მედლით.
იმის ნაცვლად, რომ თავისი უზარმაზარი შემოსავალი ახალ ბიზნესში დაებანდებინა, მატილდ მანუკიანი დიდ თანხებს სწირავდა სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს, საავადმყოფოებს. ერთი მხრივ ის ქალების ექსპლუატაციით დიდძალ ფულს შოულობდა, ამავდროულად, ამ ფულს მათი უფლებების დაცვაში დებდა, ზრუნავდა ქალების განათლებასა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაზე.
1995 წელს მან 36 000 დოლარი შესწირა სტამბოლის ნევროლოგიური დისპანსერის ერთ-ერთ განყოფილებას. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა ჯგუფმა მუსლიმი სულიერი ლიდერის ხელმძღვანელობით თავდაპირველად უარი თქვა ამ შემოწირულობაზე იმის გამო, რომ თანხა ამორალური ბიზნესით იყო ნაშოვნი, თუმცა ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის ზეწოლის შედეგად, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მაინც დათანხმდა თანხის მიღებას.
1996 წლის მონაცემებით, მილიონერს ჰქონდა 37 სავაჭრო ცენტრი, 36 მილიონი დოლარის ღირებულების ტექსტილის ქარხანა, პლასტმასის 2 ქარხანა, მრავალი სასტუმრო ანტალიაში, კუნძული ბოსფორზე, ბევრი სახლი, შენობა და ქუჩა, სადაც განთავსებული იყო 32 ბორდელი.
მანუკიანი ასევე იყო სტამბოლის სომხური ნაციონალური საავადმყოფოს Surb Prkić-ის ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედი.
მანუკიანი ამბობდა, რომ ”მის საქმეში არაფერია უჩვეულო, ხალხს უნდა ჰქონოდა ნორმალური დამოკიდებულება ლეგალური პროსტიტუციის მიმართ”.
მიუხედავად ყველაფრისა, მადამ მანუკიანს თურქეთში ბევრი მტერი ჰყავდა. ის არ მოსწონდათ რადიკალ მემარცხენეებს გადაჭარბებული სიმდიდრის, ისლამ ექსტრემისტებს საქმიანობის და ნაციონალისტებს – ეროვნების გამო.
ბოლო წლებში “ბორდელების დედოფალი“ თურქეთში ისლამური რადიკალების თავდასხმის მუდმივი სამიზნე გახდა, რომლებიც თავს მორალის დამცველებად აცხადებდნენ. 1995 წლის 26 სექტემბრის ღამეს სტამბოლის ერთ-ერთ უბანში თურქეთის “გადასახადების ჩემპიონის“ მკვლელობა სცადეს. მატილდის სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში დამონტაჟებული რადიომართვადი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა მისი მძღოლი და დაცვის წევრი, თავად ქალი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ცოცხალი სასწაულებრივად გადარჩა, მან მხოლოდ ფეხი დაკარგა.
მატილდი მუდმივად აფართოებდა ბორდელების ქსელს. 2001 წელს, გარდაცვალებამდე ის უკვე ფლობდა 37 ბორდელს. მადამ მანუკიანის მთლიანმა ქონებამ 200 მილიონი დოლარი შეადგინა.
სიცოცხლის ბოლოს, ის ასევე ფლობდა 500-მდე ბინას, 4 ვილას, 40 სავაჭრო ცენტრს, ტექსტილის ქარხანას, პლასტმასის 2 ქარხანას და 3 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს კურორტ ანტალიაში.
მანუკიანს არასოდეს ჰქონია პრობლემა კანონთან, თურქეთში პროსტიტუციის ლეგალიზაციის გამო.
“ყველაზე ძლიერი, ჯანმრთელი და ულამაზესი გოგოები მთელ თურქეთში ჩემთვის მუშაობენ, ეს ყველაფერი სამართლიანია!” – განაცხადა თავად მატილდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
- როგორ გახდა სერიალის გმირი
მატილდ მანუკიანი 2001 წელს, 84 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. იგი სტამბოლის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი უზარმაზარი ქონება მის უფროს ვაჟს გადაეცა, რომელიც აშშ-ში გაიზარდა. მათ შორის, მდიდრული ავტოკოლექცია.
მატილდზე ცოტა ხნის წინ სერიალი გადაიღეს. Meçhule Gidenler (“გაურკვევლობაში გასეირნება”) ასე ჰქვია სერიალს, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი თურქი მსახიობი აჰუ ტუგბა – 80-იანი წლების თურქი სექს-სიმბოლო ასრულებს. როლის მომზადების მიზნით მსახიობი სტამბოლის ბორდელებს ესტუმრა, რომელიც მანამდე მანუკიანს ეკუთვნოდა. ტუგბა იქ დასაქმებულ ქალებს გაესაუბრა და როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ამ სახლებში მოსმენილი ისტორიების შემდეგ სიმშვიდე და ძილი დაკარგა. მისი თქმით, ბორდელებში 60-70 წლის ქალებიც კი ცხოვრობენ და სექს მომსახურებას ეწევიან.
წყარო: https://www.ambebi.ge/