ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს. ამ წუთებში ის თელავის სამმართველოში იმყოფება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე, კამერების ჩანაწერებით დადგინდა, რომ ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.
გოგოს ოჯახი ამბობდა, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.
“ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი “მერსედესის” მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ”, – ყვებოდა დღეს გოგოს მამა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.