საბერძნეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ცნობილ სპორტსმენს ავტომობილით დაეჯახა და მიიმალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, სპორტსმენი, რომელსაც ქართველი დაეჯახა, ირინი კურუვანია. პოლიციის ცნობით, 36 წლის მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, დამნაშავე პოლიციამ იპოვა და დააკავა. ინვალიდის ეტლში მყოფი ირინი კურუვანი სასწრაფო დახმარების მანქანით „წითელი ჯვრის” საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დააკავეს 36 წლის მანქანის მძღოლი, რომელმაც ეტლში მჯდომ ქალს გადაუარა და შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც პატრულირებდნენ ტერიტორიაზე, შემთხვევის შესახებ შეგვატყობინეს. მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანაც მიატოვა. პოლიციამ ტერიტორიაზე ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც მძღოლი იპოვეს. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს“,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ცოტა რამ ირინის შესახებ:
1988 წლიდან 2000 წლამდე მოიპოვა 15 ოქროს, 8 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი შშმ პირთა მძლეოსნობის პაჰელენურ შეჯიბრებებში. შემდეგ დაიწყო ძალოსნობა.
სწრაფად აღმოჩნდა ეროვნულ ნაკრებში, მონაწილეობდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში და მე-3 ადგილი დაიკავა.