500 დოლარი 15 მილიონის სანაცვლოდ – ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, ახალ თაღლითურ სქემაზეა, რომელიც ერთი შეხედვით, საიმედო ინვესტიციით იწყება. შორეული ნათესავი გიტოვებთ თანხას, ერთადერთი მემკვიდრე თქვენ ხართ. თანხას მიიღებთ სწრაფად, თუმცა მანამდე ანგარიშის გასააქტიურებლად 500 დოლარი უნდა გაიღოთ.
თაღლითური სქემის საფუძვლები ზოგჯერ ამსტერდამიდან ან პანამიდან მოდის. ნებისმიერ შემთხვევაში დამახასიათებელი ნიშანი ერთია, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები. ყალბ ანგარიშებს ამოფარებული ადამიანები დაჟინებით გთხოვენ, პირადი ინფორმაცია მიაწოდოთ.
ხათუნა ხვედელიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
გარიგების პირობები ერთმანეთისგან მცირე დეტალებით განსხვავდება. ძირითად შემთხვევაში თქვენ გიკავშირდებათ უცხოური ბანკის ოფიცერი. სწორედ მის ბანკში ჰქონდა თქვენს ე.წ. ნათესავს ანგარიში გახსნილი. ის გარდაიცვალა, მემკვიდრე არ ჰყავს და არის საფრთხე იმისა, რომ თანხა საერთოდ დაიკარგოს. ამიტომაც გთავაზობენ ფულის გაყოფას.
ისტორიას ზღაპრის მსგავსი დასაწყისი აქვს, რომელიც მხოლოდ მაშინ ინგრევა, როცა რეალობასთან მიახლოებას იწყებს. თეონა რამაზაშვილის შემთხვევაში, რეალობის პირველი ნაწილი ანგარიშის გასახსნელად გადასარიცხი 500 დოლარი აღმოჩნდა.
ყალბი ანგარიშების გარდა, თაღლითების ამ ჯგუფზე არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. თუ კონკრეტულ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში განცხადება ქვეყნდება, გვერდი უქმდება, მის ადგილზე კი ახალი ჩნდება. ეს ყველაფერი კი დაუსრულებელ წესს ჰგავს, რომელიც რეალურად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია.