ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ლაგოდეხი საშინლად დაზიანდა: დატბორილი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, გადახდილი სახურავები…

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან  ერთვოდა  ძლიერი წვიმა, საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. დატბორილია 30-მდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. 

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მოსული ნალექი იმდენად უხვი იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და მოსახლეობის საცხოვრებელ ფართობებში შევიდა. ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები და მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

“დაზიანდა სოფელი ჭიაურის მოსახლეობა. წუხანდლის შემდეგ და დღეს დილითაც შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახური ახორციელებს დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვას. ამ ეტაპისთვის, იდენტიფიცირებულია თორმეტამდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა, ძლიერი ქარის შედეგად. დატბორილია დაახლოებით ასამდე ოჯახის პირველი სართულები და შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,” – განაცხადა მერმა. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ