ANSAს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაგებობის მესამე სართულზე შიდა აივანი ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულები დააზიანა. დაიღუპა 2 ადამიანი, ცამეტი კი დაშავდა, 800 ადამიანი ევაკუირებულია. ტრაგედია ორშაბათს, 22 ივლისს, გვიან საღამოს ნეაპოლის სკამპიის რაიონში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით საღამოს 22:30 საათზე, სოციალური სახლის Viale della Resistenza di Scampia-ს შენობის მხრიდან საშინელი ხმა გაისმა, თითქოს შენობის შიგნით რაღაც აფეთქდა – მესამე სართულის შიდა აივანი, რკინისა და ბეტონის ნაგებობა, უცაბედად ჩამოიშალა და ქვედა სართულების აივნები ჩამოანგრია, რამაც დომინოს ტრაგიკული ეფექტი შექმნა. ამ დროს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი აივანზე იმყოფებოდა.
უბედურების ზონაში მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 29 წლის მამაკაცი და 35 წლის ქალი გამოიყვანეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული 35 წლის ქალი კი – საავადმყოფოში. დაშავდა სახლის კიდევ 13 მცხოვრები, მათ შორის, 2-დან 8 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვია. რამდენიმე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
ნეაპოლის მერმა მიკელე დი ბარიმ დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი შექმნა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.