- ფოტოზე: 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი
მკვლელობა მოხდა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლალისყურში. თანასოფლელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
- ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოკლული სოფლის რწმუნებულის ძმაა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი.
ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ არ იციან რატომ გაიმეტა 32 წლის კაცმა თანასოფლელები სასიკვდილოდ. ადგილზე მხოლოდ იმას ჰყვებიან, რომ შემთხვევა მოხდა სოფელში ლუდსახარშში ობიექტის მიმდებარედ, სადაც მამაკაცები ლუდს სვამდნენ.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის კი კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა. არჩილ გაწირიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისას.
სოფელში მხარეებს შორის წარსულში რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავენ და კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირთ. .უფრო მეტიც ისინი ჰყვებიან, რომ მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული. სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილმა მამაკაცმა გარდაცვალებამდე პოლიციას მკვლელის ვინაობა უთხრა. ის თამაზ წიქარაძეა.
მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან.