ავსტრიაში, ქალაქ სანკტ-იოჰანში, 39 წლის ფლორიან აპლერმა ინვალიდი შვილი, 6 წლის ლეონი, მდინარეში ჩააგდო, მანამდე კი, დანაშაულის გადაფარვის მიზნით, პოლიციას უმტკიცებდა, რომ ის გაძარცვეს და სცემეს.
მოგვიანებით, პოლიციამ ლეონის ცხედარი მდინარე კიცბუჰელერ აჩეში იპოვა. პროკურორებმა მკვლელობა „წინასწარდაგეგმილად და სასტიკად“ შეაფასეს. მათი თქმით, აპლერის ტელეფონის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ბიჭის სიკვდილამდე 4 კვირით ადრე, ის Google-ში „უგონო მდგომარეობის“ ნიშნების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. აპლერის მტკიცებით, როცა შვილთან ერთად მდინარის პირას ავტომობილით მიდიოდა, ძარცვის მცდელობით მას თავს დაესხნენ, თავში დაზიანებები მიაყენეს და ის „უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, ხოლო, როცა გონს მოეგო, ბიჭი უკვე გაუჩინარებული დახვდა,“ მაგრამ პოლიციამ მის სიტყვებში ეჭვი შეიტანა. ინციდენტიდან 6 თვის შემდეგ, პოლიციამ ლეონის მამა დააკავა.
პოლიციის ცნობით, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აპლერს ბოთლი ავტომობილში ედო. ბოთლის ნატეხები დანაშაულის ადგილზე, მდინარის პირას, მოგვიანებით აღმოაჩინეს. პროკურატურის თქმით, აპლერმა ტელეფონი და საფულე გადააგდო, რათა ყალბი ყაჩაღობა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. გამომძიებლები თვლიან, რომ აპლერმა შვილი მოკლა, რადგან ვეღარ უმკლავდებოდა ბიჭის აგონიურ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო იშვიათი გენეტიკური სინდრომით.
ასევე გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ „ფლორიან ა.-მ საკუთარი შვილი მოკლა და, ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის მიზნით, ყაჩაღობის სცენაც თავად შეიმუშავა“. კაპლერი დანაშაულს არ აღიარებს. საქმეს 8 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს, განაჩენი კი 1 აგვისტოს გამოცხადდება.