10:27 / 20-07-2024
შემზარავი შემთხვევა მოხდა ამერიკაში, არიზონას შტატის ტუსონის ჩრდილოეთით. 37 წლის სამი შვილის მამამ, კრისტოფერ შოლცმა თავისი ორი წლის ქალიშვილი პარკერი 40 გრადუს სიცხეში მანქანაში ჩაკეტილი დატოვა.
სანამ ბავშვი მანქანის სავარძელში იყო დაბმული, მამა სახლში შევიდა და PlayStation-ის სათამაშოდ დაჯდა. კრისტოფერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას, უბრალოდ, არ სურდა მძინარე გოგონას გაღვიძება, გადაწყვიტა ნახევარი საათით დაეტოვებინა. როგორც მოგვიანებით გაკვეთისას გაირკვა, ბავშვმა მინიმუმ სამი საათი გაატარა სიცხეში, დახურულ სივრცეში, სანამ მისი უსიცოცხლო სხეული სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ არ აღმოაჩინა.
- შოლცი ამ დროისთვის დაკავებულია. პროკურორები ამტკიცებენ, რომ კაცმა განზრახ მოკლა თავისი ქალიშვილი და მოითხოვეს, მუხლი განზრახ მკვლელობის ბრალდებით შეიცვალოს.
გოგონას დედის თქმით, სახლში მისვლისას ქმარს ჰკითხა, სად იყო მათი ქალიშვილი, შემდეგ კი მანქანაში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა. პარკერი სასწრაფოდ გადაიყვანეს ტუსონის საავადმყოფოში, სადაც, სხვათა შორის, ქალი ანესთეზიოლოგად მუშაობს, მაგრამ გოგონას ვეღარ უშველეს და ექიმებმა სიკვდილი დააფიქსირეს.
2 წლის პარკერის გარდა, შოლცების წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავთ: ერთი 9 წლისაა, მეორე 5-ის. გოგონებმა პოლიციას განუცხადეს, რომ მამა მათ რეგულარულად ტოვებდა მარტო ჩაკეტილ მანქანაში.
კითხვაზე, თუ რას აკეთებდა მამა, სანამ პარკერი მანქანაში იმყოფებოდა, ბავშვებმა უპასუხეს, რომ მან ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა, შემდეგ კი საყვარელი კომპიუტერული თამაში დაიწყო.
თავად კრისტოფერმა დაკითხვისას განაცხადა, რომ უმცროს ქალიშვილთან ერთად სახლში 14:30 საათზე მივიდა, მას ეძინა და მანქანაში კონდიციონერი ჩართული დაუტოვა. სახლში შესვლის შემდეგ გამოვიდა და შეამოწმა, ეძინა თუ არა პარკერს. მან იცოდა, რომ Honda Acura-ს შიდა გაგრილების სისტემა ნახევარი საათის შემდეგ ავტომატურად გამოირთვებოდა, შემდეგ კი აპირებდა ბავშვის გაღვიძებას და სახლში შეყვანას.
როგორც მეზობლების ჩვენებებითა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით გაირკვა, მანქანა ავტოსადგომზე გაცილებით ადრე, 12:53 საათზე შევიდა. კამერებს ასევე არ დაუფიქსირებიათ, რომ მამა ერთხელ მაინც გავიდა გარეთ, რათა შეემოწმებინა, როგორ გრძნობდა თავს მისი ქალიშვილი, სანამ ცოლი სახლში არ მივიდა. სწორედ მაშინ იპოვეს პარკერი უკანა სავარძელზე სიცოცხლის ნიშნების გარეშე და სამაშველო სამსახური – 16:16 საათზე გამოიძახეს, ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს აღწევდა.
გოგონას დედა შვილის სიკვდილს „დიდ შეცდომად“ მიიჩნევს და ქმარს არ ადანაშაულებს. ანესთეზიოლოგი ერიკა შოლცი დარწმუნებულია, რომ მისმა მეუღლემ შემთხვევით მოკლა ქალიშვილი.
მან პარკერის სიკვდილს უბედური შემთხვევა უწოდა და ქალმა ტუსონის მოსამართლესაც კი სთხოვა, რომ კრისტოფერი დააბრუნოს შინა პატიმრობაში მომდევნო მოსმენამდე.
“ნება მიეცით კრისტოფერს სახლში დაბრუნდეს თავის ოჯახთან, რათა ჩვენ დავკრძალოთ ჩვენი გოგონა და ერთად ვიტიროთ“ – განაცხადა ერიკამ სასამართლო სხდომაზე.
მეუღლის მოთხოვნის გარდა, ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოში შოლცის დახასიათება წარადგინეს, სადაც აღნიშნეს, რომ მას 15 წლის წინ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალის გარდა, კრიმინალური ისტორია არ აქვს. მაგრამ მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კრისტოფერს აგვისტოში ჩანიშნულ შემდეგ მოსმენამდე პატიმრობა შეუფარდა.