საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე “ლიონის ფეხბურთელია, გიორგიმ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და გააფორმა 5-წლიანი კონტრაქტი ლიონთან. Dreams come true… გიო დაიბადა, გაიზარდა ლიონში და მშობლიურ კლუბში ითამაშებს”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, Geo Team-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა:
„დაიბადა ლიონში და ამ ქალაქის კლუბის სიყვარულით გაიზარდა. არასდროს სურდა სხვა კლუბში თამაში იმაზე მეტად, ვიდრე ლიონში…
15 წლის ასაკში ლიონიდან გაუშვეს, პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო, იტირა, ფეხბურთზე თავის დანებებაც უნდოდა. ბევრი იშრომა, ბევრი გაიტანა, ბომბარდირობაც შეიყვარა და ბრუნდება მის საოცნებო კლუბში…”.
ცნობისთვის, მიქაუტაძე ახლოს იყო „მონაკოში” გადასვლასთან, მხოლოდ სამედიცინო შემოწმება იყო დარჩენილი, თუმცა როგორც ცნობილია, ბოლო წუთებზე გიორგიმ „ლიონისგან” ზარი მიიღო და საბოლოოდ, თავის საყვარელ კლუბში გადასვლას დასთანხმდა.