საპენსიო სააგენტომ „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ დაამტკიცა.
ამ წესის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება.
შემოწმების შედეგად კი, მოხდება ფულადი სანქციების დაწესება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე. ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია მითითებული.
კერძოდ, კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
ასევე 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა), როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნული წესები და ჯარიმები 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა.