სასტიკი მკვლელობა ბათუმში, რომლის შესახებაც ადგილობრივებმა გამთენიისას შეიტყვეს. ქუთაისის ქუჩაზე, 27 წლის არჩილ წუწუნავას დანით სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს. შემთხვევა ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი, არჩილ წუწუნავას მეგობარ გოგოს ავიწროებდა და აგინებდა. ახალგაზრდა ქალის დაცვა, მამაკაცმა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ ის სასიკვდილოდ გაიმეტა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის 29 წლის რევაზ ცეცხლაძეა. დაკავებულის ოჯახში მომხდარზე არ საუბრობენ. “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ბრალდებულის ახლობლები აგრესიით შეხვდნენ.
ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მკვლელობის ადგილზეც.
მოკლული არჩილ წუწუნავა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ბრალდებული რევაზ ცეცხლაძე კი უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.