ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩამოწოლილმა მიწის მასამ ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც 16 ადამიანი იჯდა. 11 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ხოლო ხუთს ჯერ კიდევ ეძებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში გართულებულია, ვინაიდან უამინდობა ისევ გრძელდება.
ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ფან მინ ჩინმა უკვე დაავალა ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდნენ სტიქიის შედეგებს და ახალი წყალდიდობებისა და მეწყრებისთვის მოემზადონ.
სტიქიური მოვლენები ვიეტნამში ხშირად ხდება. ყოველწლიურად ტაიფუნებისა და წყალდიდობების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება. ვიეტნამის მთავრობის ცნობით, გასულ წელს სტიქიების შედეგად 389 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 668 – დაშავდა.