„ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა, ამას პირველად ვამბობ”- მამუკა არეშიძისგან ამას არავინ მოელოდა

გაყოფილი საზოგადოება, აქციები და “უცხოური გავლენის გამჭვი­რვალობის შესახებ” კანონპროექტი – დაძაბულობა პიკს აღწევს. როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა­ არეშიძემ­ განაცხადა, საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება და ერის გაყოფა “რუსეთის იმპერიის ხელწერაა”, რომელიც მუდმივად ცდილობს ქართველებში შუღლის გაღვივებას. წლების განმავლობაში­ როგორ აპირისპირებდა რუსეთი ქართველებს და ვის აწყობს საქართველოში მუდმივი დაძაბულობა, ამ საკითხებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

– ცოტა შორიდან დავიწყოთ, გავიხსენოთ, რუსეთთან დაახლოების პერიოდში საქართველო რა მდგომარეობაში იყო. ეს იყო სამთავროებად და კუთხეებად დაშლილი, ურთიერთდაპირისპირებული სამყარო. რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცოდა და ამას თავის სასიკეთოდ იყენებდა. კავკასიის დამპყრობლები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე ხერხს მიმართავდნენ – ერთმანეთთან აპირისპირებდნენ კავკასიის ხალხს ან კუთხეებს, ან რელიგიურ ჯგუფებს. რუსებმა მაშინაც ეს მექანიზმი გამოიყენეს ქართველების წინააღმდეგ. ასევე, კარგად იყენებდნენ იმ ქართველებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, მათ სამსახურში იყვნენ.

ანალოგიურად მოიქცნენ რუსები აფხაზეთში. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, ერთი აჯანყების შემდეგ, აფხაზებს მთელ რუსეთის იმპერიაში ჩამორთმეული ჰქონდათ ყველა სამოქალაქო­ უფლება. ასეთი ტერმინიც გაჩნდა – გარი­ყული ერი (სამართლებრივი სივრციდან). 1907 წელს ეს სტატუსი ნიკოლოზ II-ის პირადი ბრძანებით მოეხსნათ. ამას წინ უძღოდა ერთი ფაქტი – 1890-იან წლებში რუსეთში სასწავლებლად წაიყვანეს წარჩინებ­ული ოჯახების შვილები, 50-ზე მეტი მოზარდი, და იქ აღზარდეს თავიანთ ყაიდაზე. ის ახალგაზრდები დაბრუნდნენ აფხაზეთში, დაიკავეს თანამდებობები და მათ შეცვალეს ანტირუსული განწყობა პრორუსულით.

1990-იან წლებში რუსეთი იმავე პრინციპით მოქმედებდა – ეროვნული უმცირესობები და კუთხეები დააპირისპირა, პლუს წაჰკიდეს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ქართველები და შედეგიც მიიღეს – 1995 წლისთვის პრაქტიკულად სახელმწიფო დაშლილ-დაქუცმაცებული იყო, ნაწილი ოკუპირებული, ხალხი ერთმანეთზე სამტროდ გადაკიდებული. სხვადასხვა ჯგუფს შორის სისხლიც დაიღვარა. დღემდე ამ ქარიზმაში ვართ – დაპირისპირებული და გახლეჩილი საზოგადოება და გაუფასურებული ადამიანის სიცოცხლე.

ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. თბილისის­ ომის დროს რუსები იარაღით ორივე მხარეს ამარაგებდნენ. როცა სასტუმრო “თბილისი” იწვოდა, კიტოვანის მომხრეები “იმელში” იყვნენ გადასული. მეც იქ ვიყავი, იმიტომ, რომ იმხანად ოპოზიციაში ვიყავი. სამწუხაროდ, ჩართული ვიყავი იმ პროცესში. ჩართულობას იმიტომ კი არ ვნანობ, რომ პოლიტიკური გემოვნება შემეცვალა, არამედ იმიტომ, რომ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე ვიყავი. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა “იმელის” შენობასთან. იმ ავტომობილის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ “ღამუ­რების”“ წევრები. ამას განმასხვავებელი ნიშნით მივხვდი, რომელიც ეკეთათ. ნახევარი მანქანა რომ ჩამოცალეს, ვკითხე, რატომ არ ცლით ბოლომდე-მეთქი, და მიპასუხეს, დანარჩენი იქითა მხარისთვის მიგვაქვსო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1992 წლის იანვრის დასაწყისი. ვიცი, რომ ეს ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა და მომავალმა თაობამ. სხვათა შორის, ამას პირველად ვამბობ. რუსეთს არც ერთი მხარე არ აინტერესებდა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერთმანეთს წაჰკიდებოდა ხალხი, მთავარი იყო, აქ დაძაბულობის კერა შექმნილიყო.

– წლების განმავლობაში რატომ ვერავინ გაშიფრა რუსეთის ტაქტიკა?

– იმ მცირერიცხოვან ქართველებს, რომლებსაც მაშინ უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად, სამხედროებს, რომლებმაც იცოდნენ, რა მეთოდოლოგიით მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურები, არავინ უსმენდა. რუსებმა კიტოვანის ხასიათის თავისებურება გამოიყენეს, რომ აფხაზეთში შეჭრილიყო ტანკებით, ამისთვის ახალციხის ბაზა დაშალეს, მთელი შეიარაღება გადასცეს და უთხრეს, შეგიძლია ის გზა, რომელიც ჩაკეტილი აქვთ ავაზაკებს, გახსნა და იქ ტყვედ მყოფი რომან გვენცაძე (საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) და სანდრო კავსაძე (საქართველოს ყოფილი მთავრობის ვიცე-პრემიერი) გაათავისუფლოო. კიტოვანი გახარებული იყო, რუსები მხარს მიჭერენო და… ამასობაში იქ დახვდა კბილებამდე შეიარაღებული აფხაზთა გვარდია, რომელიც ასევე შეაიარაღეს რუსებმა. ეს სურდათ რუსებს, რომ დაეპირისპირებინათ ქართველები და აფხაზები ერთმანეთისთვის.

– წლები გავიდა, ცოდნაც მივიღეთ, გამოცდილებაც დავაგროვეთ, მაგრამ რუსეთი მაინც ახერხებს ქართველების ორად გაყოფას.

– 9 აპრილის შემდგომ პერიოდში ბალტიისპირელი ჟურნალისტები ყველა მიტინგს ესწრებოდნენ. ერთს ვკითხე, ამ ინტენსივობით რატომ ჩამოდიხართ-მეთქი, და მიპასუხა, ქართველებმა თქვენს თავს ლაბორატორია მოუწყვეთ და ჩვენ გაკვირდებით, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთო. მართლაც, მათ არ დაუშვიათ იგივე შეცდომა. ჩვენ კი ჯერაც ვერ ვისწავლეთ ჭკუა. ჩვენი მტერი ყოველთვის იყენებს ჩვენს თვისებას – მე ვარ და ჩემი ნაბადის პრინციპს, თუ მაქვს პატარა გავლენა და ძალაუფლება, ე.ი. ყველაზე ჭკვიანი ვარ. ამას გარდა, 30 წელი ისტორიულად ბევრი არ არის. რომ ამბობთ, გამოცდილება დაგროვდაო, გამოცდილება მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს. გამოცდილება ნიშნავს შესაბამისი ინსტიტუტების შექმნას. ვთქვათ, სპეცსამსახურების, ამ ინსტიტუციის შენებას ათწლეულები სჭირდება. 30 წელი არაფერია, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა ნამდვილად შეიძლებოდა, რომ არა ჩვენი ხასიათი და უამრავი ხელშემშლელი გარემოება. მუდმივად ჩამოკიდებული ვართ კონფლიქტის პროცესებს… რაც არ უნდა გამოცდილება გქონდეს, ძალიან რთულია გეოპოლიტიკურ ლაბირინთში გზის გაკვლევა, მუდმივად ბრძოლაში ხარ. მსხვილი მოთამაშეები დიდ ფულს ხარჯავენ აქ გავლენის მოსაპოვებლად. როცა საზოგადოებრივი დაპირისპირებაა ქვეყანაში, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი ჰქონდეთ მხარეებს, ეს მაინც ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ და შეცდომა დავუშვით. როცა საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს, ე.ი. გუშინწინ რაღაც არასწორი იყო. მხოლოდ ხელისუფლებაში არ არის საქმე, საზოგადოებამაც და პოლიტელიტამაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.

პოლიტიკაში არსებობს ასეთი პრინციპი – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. პრინციპი მუშაობს და ის თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია. ეს იყო მთავრობის პოზიცია, შეეჩერებინათ ეს პროცესი და გაეკონტროლებინათ. საქართველოში 35 ათასამდე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ჩემთვის, როგორც აღმოსავლეთის მიმართულების სპეციალისტისთვის, და კავკასიაზე მომუშავე პირისთვის უაღრესად საინტერესოა ის თანხა, რომელიც მოდის რუსეთიდან და სამხრეთიდან. ახლა ვინც ქუჩაში დგას, არც იციან იმ ორგანიზაციების არსებობის შესახებ. ვგულისხმობ ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტიკურია. ვიცი რა მიმართულებით მუშაობენ და რამხელა ზიანს აყენებენ ქვეყანას. ამ კანონში ზოგიერთი მუხლი და ფორმის ნაწილი არ მომწონს, მაგრამ კანონისა და რეგულაციების მომხრე ვარ. ეს წლების წინ უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი ორიენტაციაა. დასავლეთს საქართველოსთვის უზარმაზარი დახმარება აქვს გაწეული – ფინანსური თუ მორალური.

– დღეს ცდილობს თუ არა მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს?

– როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან. თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას.

როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია. ხელისუფლებისა და პოლიტელიტის ხელშია, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება მოკლე დროში დარეგულირდეს. გამოსავალი უნდა მოინახოს.

წყარო: /kvirispalitra.ge/

შესაძლოა დაგაინტერესოთ