ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები სკანდალური ჟურნალისტი, ოთარ კუშანაშვილი სიმსივნეს ებრძვის. ტელეწამყვანს დიაგნოზი ივნისის ბოლოს დაუსვეს, როდესაც მუცლის ღრუს ძლიერი ტკივილით რეანიმაციაში გადაიყვანეს.
- ამ დროისთვის კუშანაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს. ჟურნალისტი მძიმე სენს არ ნებდება და პალატიდან პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს. მაგალითად პორტუგალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ იხუმრა, რომ ის იმაზე უკეთ არის, ვიდრე ახლა რონალდუა.
კუშანაშვილი VIP პალატაშია მოთავსებული, სადაც სხვა პაციენტებისგან განსხვავებით მარტო იმყოფება.
- “მე ახლა ბლოხინის ცენტრში ვიმყოფები“ – ამბობს ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში კუშანაშვილი.
“სამი ექიმი მესტუმრა და გამოკვლევაზე გამიყვანეს. არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, ნაწილობრივ თქვენი წყალობით. ყოველდღე 10-20 პროცედურა მიტარდება და ფუნდამენტური მკურნალობა. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. ჩემზე ძლიერი ბიჭი არ არსებობს. ექიმმა მითხრა, რომ კვირის ბოლომდე აქ არ გამაჩერებენ და მესამე ოპერაციის მერე გამწერენ. შემდეგ შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც ორ კვირაში დაიწყება. იქამდე კი სიცოცხლეს დავუბრუნდები და საავადმყოფოში ქიმიოთერაპიებისთვის დავბრუნდები…“
მონოლოგის დროს ოთარმა ალა პუგაჩოვა ახსენა, მისი თქმით, პრიმადონამ დაურეკა და მოიკითხა.
ტელეწამყვანმა მხარდამჭერებს მიმართავს, რომ გმირი არ უწოდონ, მიუხედავად ყველა ტკივილისა და ტანჯვისა, რასაც განიცდის.
“მე თქვენ გაგაოცებთ ტრიუმფალური გამოჯანმრთელებით. მთელი მსოფლიოს მედიცინას გავაოცებ”, – ამბობს კუშანაშვილი.