2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება.
როგორც რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსი ლევან გობეჩია აღნიშნავს, კანონპროექტი შეეხება განსაზღვრულ პერიოდში გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადებს, დღგ-ს, ქონების გადასახადსა და ა.შ.
„ცვლილება გულისხმობს საგადასახადო ცვლილების ჩამოწერაზე, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აქ საუბარია ნებისმიერ დავალიანებაზე ფიზიკური პირებისთვის. საუბარია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებზე, ეს არის ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ა.შ. მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს ეხება და არა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწერილ ჯარიმებს“, – განმარტა გობეჩიამ.
მისივე თქმით, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ ისეთი გადაუხდელი დავალიანება, მაგალითად, როგორიცაა მიწისა და ქონების, იმპორტისა და დღგ-ს გადასახადები.
„ფიზიკურ პირზე როდესაც ვსაუბრობთ, საუბარია გადასახადის გადამხდელ ნებისმიერ პირზე, მათ შორის არამეწარმეებზე, მაგრამ იხდიან მიწის ან ქონების გადასახადს, ან ამანათი აქვთ შემოტანილი და ამაზე ჰქონდათ გადასახადი გადასახდელი, იმპორტის გადასახადი ან დღგ. მეორე ჯგუფში შედიან მეწარმეები, ინდ. მეწარმეები და მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები“, – განაცხადა ლევან გობეჩიამ.
შეგახსენებთ, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება. საუბარია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ და გადაუხდელ, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.