დავით ჟღენტი წლების წინ პოპულარული ერთი ფილმით გახდა. ელდარ შენგელაიას “შერეკილები” მაშინ ქვეყანას მოედო. ბატონი დავითი ერთაოზ ბრეგვაძის როლზე სრულიად გამოუცდელი დაამტკიცეს. დღეს მსახიობი 69 წლისაა, არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა. გარკვეული პერიოდი გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ღამის დარაჯი იყო. ამბობს, რომ დღეს “სახლში ზის, პენსიით ცხოვრობს”.
დავით ჟღენტი
– ოზურგეთის რაიონში დავიბადე და გავიზარდე… 15 წლის რომ გავხდი, თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად წამოვედი. სკოლაში სწავლის პერიოდში პროფესია უკვე არჩეული მქონდა, მსახიობობა მსურდა… მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა უდიდესი პრობლემა იყო და თუ რატომ, საზოგადოებამ კარგად იცის… თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა სირთულით სამედიცინო სასწავლებელში მოხვედრასთან იყო გატოლებული… რეზო ჩხეიძეს სკოლა ჰქონდა მსახიობების აღსაზრდელად, გეგმაში ჰქონდა კინო ჯგუფი თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში გაეხსნა. იქ ჩავირიცხე და ჩემთვის ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან გამოცდაზე ელდარ შენგელაია იყო და ფილმში ამიყვანა, სამ დღეში როლზე დამამტკიცა. ალბათ, ის დაინახა ჩემში, რაც ამ როლისთვის ჭირდებოდა.
– სრულიად გამოუცდელი მთავარ როლზე აღმოჩნდით…
– დიახ.. სკოლაში რაღაც დრამატული წრეები იყო, ყველგან აქტიური ვიყავი, იცოდნენ ჩემი წინა განზრახვა და მაკავებდნენ …
– ფილმში ძალიან ლაღი და ბუნებრივი ხართ, ეს როგორ შეძელით?
– ბავშვი ვიყავი და სილაღეც მქონდა… მაშინ ისეთი დრო იყო, 16-18 წლის ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით. ეს სილაღე და სისუფთავე სულ დამრჩა, მაპატიეთ ამ თქმაზე და არ გავბინძურებულვარ… მაშინ კი ჩვენი ასაკის ადამიანებში ეს სილაღე და სისუფთავე ჭარბად იყო. სხვანაირები ვიყავით, სხვანაირი დრო იყო… მართალია კომუნისტური წყობა იყო, მაგრამ მშობლებზე დამოკიდებული ვიყავით, მშობლების, დედმამიშვილების გვჯეროდა. სხვების მიმართ მეტი პატივისცემა გვქონდა. ჩვენში ნაკლები თავდაჯერებულობა იყო, მაგრამ უფროსების გვჯეროდა… ამ ყველაფერმა ჩვენს მომავალზე ალბათ დიდი გავლენა იქონია. გადაღებები რომ დაიწყო, კინომსახიობთა ჯგუფი გაიხსნა, თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი და აუხდენელი ნატვრაც ავისრულე… ბრწყინვალე რეჟისორის – შალვა გაწერელიას ჯგუფი დავამთავრე, შემდეგ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში წამიყვანა, ოთხი წელი ამ თეატრში ვმუშაობდი…
შემდეგ უფრო მეტად ადმინისტრაციულ სამუშაოებზე გადავედი, მყავს ოჯახი, ექიმი მეუღლე და სამი შვილი. სამივე შვილი ძალიან წარმატებულია… მე პენსიონერი ვარ, პენსიით ვცხოვრობ, ვზივარ სახლში ვერთობი, ხან სად წავალ, ხან სად…
– ისევ ფილმზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ, გადაღებების დროს ლეგენდა არტისტებს შეხვდით… ეს რას ნიშნავდა თქვენთვის?
– ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო… ყველანი ძალიან კარგები, უბრალოები იყვნენ. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, მეფერებოდნენ. ახალგაზრდა ვიყავი, არ მათამამებდნენ, მაგრამ ჩემს მიმართ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო… გახმოვანებებზე თუ ეროსი მანჯგალაძის, ცხონებული რამაზის გვერდით მოვხვდებოდი, რას წარმოვიდგენდი?! ელდარ შენგელაიას ფილმში მოხვედრა ხომ მითუმეტეს… ელდარ შენგელაია ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია საქართველოში, თითქმის ყველა მისი ფილმი შედევრია. აქედან სამ ფილმზე საუბარიც აღარ არის, მთელმა საქართველომ დაიზეპირა ამ ფილმებიდან ფრაზები…
– ფილმი ძალიან სახალისოა, მაგრამ გადაღებებიც ასე იყო, თუ სირთულეც ბევრი ახლდა?
– დიახ, ბევრს ყველაფერი ძალიან ადვილი ჰგონია და მაშინ მეც ასე მეგონა, რომ მსახიობობა ძალიან ადვილი იყო. არადა მსახიობობა ურთულესია, ძალიან მძიმე შრომა… ვხედავდი, ამ ხნის ხალხი რა თავდაუზოგავად შრომობდნენ წვიმაში, თოვლში, ქარში. მოხურული ქურთუკებით, ავტობუსში შეყუჟულები, დილიდან საღამომდე ელოდებოდნენ, როდის წამოვიდოდა ღრუბელი, მზე. საშინელი ტანჯვა ჰქონდათ და ფილმის ყურებისას ყველას წარმოუდგენია, რომ იქ დროსტარების მეტს არაფერს აკეთებდნენ. ფილმის გადაღება წელიწადზე მეტი გრძელდებოდა. საშინელი პირობები გვქონდა, სად არ დავდიოდით. მაშინ მაღალი დონის ტრანსპორტი არ იყო, ავტობუსი ხან სად ფუჭდებოდა, ხან სად… მოკლედ, გადაღება ტანჯვა იყო, მაგრამ ბოლოს დიდი შედეგი მოვიმკეთ.
– ფილმი ძალიან ბევრ კინოფესტივალზე იყო და როგორც მთავარი როლის შემსრულებელს ბევრგან მოგიხდათ წასვლა?
– დიახ, მექსიკაშიც კი იყვნენ წასულები, მაგრამ მე უკვე სხვა ფილმზე ვიყავი დაკავებული და არსად წავსულვარ. დავით რონდელმა გადაიღო ფილმი, სადაც მთავარ როლს ვასრულებდი… შემდეგ კინოფესტივალი საქართველოში, ქუთაისში ჩატარდა, მაშინ გადაღებებზე ზუგდიდში ვიყავით და რეზო ჩხეიძემ გამოიარა. წამოვედი და ამ კინოფესტივალზე პრიზი ავიღე საუკეთესო დებიუტისათვის.
– არ ჩანხართ, არ გიყვართ პრესაში გამოჩენა და თქვენს მიმართ დიდი ინტერესია…
– არ მიყვარს გამოჩენა, ზოგს რომ ტელევიზიაში დაუძახებენ და თავქუდმოგლეჯილები გარბიან, ასე არ ვარ. არ ვიცი რამდენი ტელევიზია აღარ დამიკავშირდა, ვინ აღარ მთხოვა, მაგრამ თავს ვიკავებ, არ მიყვარს ეკრანზე გამოჩენა. ზოგს უხარია და ღმერთმა სიკეთე მისცეთ… რაც შეეხება მოარულ ხმებს, ისიც კი გავიგე ჩემს შესახებ, თითქოს საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი. არსად წავსულვარ, აგერ ვარ ჩემს ქვეყანაში! ამიერიდან რაღა დროს ჩემი წასვლაა, 69 წელი დავამთავრე…
– თუ შემოთავაზება იქნებოდა, გადასაღებ მოედანს დაუბრუნდებოდით?
– რატომაც არა? რატომ არ უნდა დავუბრუნდე და ვითამაშო?! შემიძლია, ჯანზე ვარ, ენერგია მაქვს… ელდარ შენგელაია აპირებდა ფილმის გადაღებას, შემდეგ არ დაუფინანსეს, თორემ მპირდებოდა როლს.
– რა უთქვამთ, ერთაოზ ბრეგვაძის როლის შესრულებისთვის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– რა ვიცი, ყველამ ასე ჩათვალა, ამ როლისთვის დაიბადეო… ჩემს თავს არ ვიქებ, ელდარ შენგელაიას ფილმია. ბრწყინვალე ადამიანის და რეჟისორის. ელდარ შენგელაიას ფილმში ვინც მოხვდება, ჩათვალოს, რომ 50 პროცენტი უკვე წარმატება მიღწეული აქვს. ფილმებს “არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ცისფერი მთები“, „შერეკილები“ დღესაც კი ასპროცენტიანი მაყურებელი ჰყავს და სამჯერ რომ უყურონ, მეოთხედ მაინც უყურებენ…
წყარო: https://www.ambebi.ge/