„შარშან მძიმე დაავადებით დედა დაეღუპა, გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა ისიც მალე დაიღუპა… სულ მარტო დარჩა“ – რას წერს ჟურნალისტი ტრაგიკულად დაღუპულ მსოფლიო ჩემპიონზე?

„შარშან მძიმე დაავადებით დედა დაეღუპა, გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა ისიც მალე დაიღუპა… სულ მარტო დარჩა“ – რას წერს ჟურნალისტი ტრაგიკულად დაღუპულ მსოფლიო ჩემპიონზე?

ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენის შესახებ წერს:

„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.

ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე-მეთქი.

სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა.

მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე-მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.

შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.

ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ… არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე,“ – წერს სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი.

ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.