რეჟისორი, მსახიობი, ანიმატორი, მარიონეტების თეატრ „ნიკოლოს“ დამფუძნებელი ბახვა წერედიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბახვა წერედიანის მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
ბახვა წერედიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი მეგობარი, მასწავლებელი და ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი და ბახვას ვრცელ, გამოსამშვიდობებელ ტექსტს უძღვნის:
„ბახვა წავიდა…
დიდი ხელოვნება წავიდა, სიკეთე წავიდა, სიცოცხლე წავიდა, ადამიანი წავიდა, დიდი ხნის მეგობარი წავიდა, სულ წავიდა…
არ მჯერა. მითხარით, რომ ვცდები, მითხარით, რომ არ ვიცნობდი?!
ერთმანეთი ქუჩაში გავიცანით, ქუჩაც წავიდა. მარიონეტებიც წავიდნენ…
მარიონეტების თეატრი ნიკოლო. მაშინ მხოლოდ ერთი მარიონეტი ჰყავდა, მევიოლინე ნიკოლო და მაინც თეატრი შექმნა.
გაბრიაძის ნამოწაფარმა. საკუთარ საქმეზე საოცრად შეყვარებულმა.
მაშინ ტელევიზიაში ცოტა ხანს აღარ ვმუშაობდი, მეგობარს ვთხოვე, ბახვა გადაეღო. მე ხომ ადამიანებს ვაგროვებდი.
ბახვა ადამიანი იყო, ნამდვილი ადამიანი.
მერე ბევრჯერ მეც გადავიღე, ამბებიც ვაფრიალეთ ერთად.
ჩემი ლექსების საღამოსაც კი აფორმებდა თავისი მარიონეტებით.
ჩვენ ერთად მოვიარეთ საქართველოს ბავშვთა სახლები, ბავშვებს ახარებდა. დიდებსაც ახარებდა. სვანეთშიც ვიყავით, წერედიანებშიც შენ მიმიყვანეო, მეხუმრებოდა.
აფხაზეთიდან, სამშობლოდან დევნილს სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ ეპოვა. საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა. ბაღის სარდაფში ჩუმად ამზადებდა მარიონეტებს, სადაც ზოგჯერ, შესვენებისას ბავშვების სკამებზე ვისხედით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით.
უკვე ესპანეთში მიდიოდა საცხოვრებლად და მაინც აქციებზე დადიოდა.. მადლობას ვეუბნებოდი, რომ მის წილ საქართველოს კბილებით იცავდა. ხელოვნებით იცავდა, სიტყვით იცავდა.
ვერ მოასწრო წასვლა და მაინც წავიდა, სულ წავიდა.
1 მსახიობის, 1 მარიონეტის,1 ანიმატორის, 1 კაცის თეატრი შექმნა ყველასთვის. მერე მარიონეტებიც გააბევრა და მსახიობებსაც ასწავლა მარიონეტებით თამაში.
მარიონეტებს შუქი ჩაუქრო სამუშაო დღის ბოლოს, ღამე რომ ვტოვებ, მგონია გაცოცხლდებიანო.
შენ გაცოცხლდი რა. დაამთავრე ეს ბნელი ღამე. გაცოცხლდი რა ბახვა.
მერე მისი მარიონეტების facebook გვერდი შევქმენით, წლები ვმართავდი მის გვერდს, წლებს ვზრდიდით გვერდიგვერდ. მარიონეტებით ევროპასა და აზიაში დამოგზაურობდა, საქართველოში თეატრის შენობა კი არა, სახელოსნოც არ ჰქონდა. მაინც სულ გზებს ეძებდა, გზაზე იდგა და გზას ეძებდა, სულ წინ მიდიოდა, მაშინაც, როცა ცხოვრება უკან ექაჩებოდა.
ბოლოს სცენარებს წერდა ფილმებისა და სერიალებისთვის. კარგად იყო და უკეთესობისთვის ემზადებოდა.
მაპატიე, თუ რამე შემეძლო და ვერ შევძელი. ვერ ვყოფილვარ კარგი მეგობარი. უსუსური ვყოფილვარ, რომ ვერაფერს ვცვლი.
მოგონებებს ვაგროვებ და მეშინია არ გამიქრეს, მეშინია მოგონებები არ გამედღაბნოს. ისინიც არ წავიდნენ…
რა მაგარი შვილი გყავს ბიჭო. მეც მისი ასაკის ვიყავი მამაჩემიც რომ წავიდა, ჩვენ ტკივილი გვაერთიანებს, ჩვენ შენ გვაერთიანებ.
არ მინდა ვწერდე, მინდა მხოლოდ ვტიროდე, გიხსენებდე და ვტიროდე…
არა, მინდა ცოცხალი იყო და იღიმოდე, ვლაპარაკობდეთ გაუთავებლად ბევრს, თითქოს, ვასწრებდით სიტყვის თქმას.
ცას ვარსკვლავი შემატე ბახვა, შენთვის პატარა იყო ეს დედამიწა.
ახლა ხშირად ამოვიხედავ ცაში, ძებნას დაგიწყებ, როდისმე ისევ შეგხვდები, მანამდე გავიხარებ და გულს გავიხეთქავ, რომ გიცნობდი, რომ დიდზე დიდი იყავი, რომ პატარაც იყავი, რომ ადამიანი იყავი.
შენ ხარ ჩემი ბახვა წერედიანი
ნეტავ სიზმარი იყოს,
ფილმი იყოს, სპექტაკლი იყოს –
ბახვა წავიდა…“ – წერს გიორგი ლიპარიშვილი.რეჟისორი და მსახიობი ბახვა წერედიანი გარდაიცვალა – „აფხაზეთიდან, სამშობლოდან დევნილს სამშობლოში საკუთარი ადგილი ვერ ეპოვა, საკუთარი სახელოსნოც კი არ ჰქონდა, ბაღის სარდაფში ჩუმად ამზადებდა მარიონეტებს.. დიდი ხელოვნება წავიდა, სიკეთე წავიდა, სიცოცხლე წავიდა. სულ წინ მიდიოდა, მაშინაც, როცა ცხოვრება უკან ექაჩებოდა“