კვირას საღამოს დაღესტნის ქალაქ დერბენტსა და მახაჩყალაში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და პოლიციაზე თავდასხმების შედეგად ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი დაიღუპა.
ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მოკლულია ხუთი თავდამსხმელი – ორი დერბენტში და სამი მახაყალაში. დაღესტნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელების გარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი. საავადმყოფოში გადაყვანილია 16 ადამიანი. დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ ისევ არ ვრცელდება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. 24-26 ივნისი დაღესტანში გლოვის დღეები გამოცხადდა.
- რა მოხდა დაღესტანში
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა დერბენტსა და მახაჩყალაში კვირას, გვიან საღამოს დაიწყო.
დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას და თაგი-ზადეს ქუჩაზე მდებარე კელე-ნუმაზის სინაგოგას. ეკლესიის წინამძღოლი გარდაცვლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელებმა ეკლესიასა და სინაგოგას ავტომატური იარაღიდან ესროდნენ. თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც მხოლოდ გვიან ღამით ჩააქრეს.
რუსეთის ებრაელთა კონგრესი განმარტავს, რომ თავდასხმა დერბენტში სინაგოგაზე საღამოს ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
პოლიციელებმა და დაცვის თანამშრომლებმა მოიგერიეს თავდამსხმელები. ტერორისტებმა შენობაში ცეცხლის გაჩენა მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით შეძლეს.
მსგავსი თავდასხმა მოხდა მახაჭყალაშიც, სადაც ერმოშკინის ქუჩაზე, საგზაო პოლიციის პოსტს, რომლის გვერდითაც სინაგოგაა, ცეცხლი გაუხსნეს. “რია ნოვოსტი” რაბინზე დაყრდნობით იუწყება, რომ მახაჩყალას სინაგოგაში არავინ დაშავებულა.
ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან სროლისას კი ეკლესიის დარაჯი გარდაიცვალა, – განუცხადა TASS-ს მრევლის წევრმა. “როგორც კი სროლა დაიწყო, ჩვენ შიგნით ჩავიკეტეთ“, – ამბობს თვითმხილველი.
ტაძარში სულ 18 ადამიანი – სასულიერო პირები და მრევლი იყვნენ. ღამით ისინი პოლიციამ გაიყვანა. “არავინ დაშავებულა”, – განუცხადა “ინტერფაქსს” წყარომ.
სროლა იყო სოფელ სერგოყალაშიც, რომელიც მახაჩკალას სამხრეთით 65 კილომეტრში მდებარეობს. უცნობმა პირებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.
- რა არის ცნობილი გარდაცვლილების შესახებ
დერბენტის ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად მოკლულია დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც ეკლესიაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა.
“დერბენტის ეკლესიაში მამა ნიკოლაი მოკლეს, ყელი გამოჭრეს”, – წერს დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შამილ ხადულაევი. მისი თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მახაჩყალის ეკლესიის დაცვის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ გაზის პისტოლეტით იყო შეიარაღებული.
რუსული მედიის ცნობით, ოთხი მოკლული “ბოევიკიდან” სამი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის ვაჟები და ძმისშვილი არიან. ომაროვი ამ დროისთვის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი, განუცხადა “რია ნოვოსტის” უსაფრთხოების ძალების წყარომ. “მაგომედ ომაროვი დაკავებულია და მიმდინარეობს წინასწარი დაკითხვა, თავდამსხმელებს შორის მისი ვაჟები იყვნენ“, – განაცხადა წყარომ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა, ისევე როგორც მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. “ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელები დახოცეს და ისინი უკვე ამოცნობილი არიან.
წყარო: ambebi.ge