ჰამბურგის ქუჩები ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. ეროვნული ნაკრების მატჩამდე საათებია დარჩენილი და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქომაგების სრული მობილიზებაა გერმანიის ქალაქში.
ჰამბურგის ქუჩებში ისმის საქართველოს ჰიმნი, შეძახილები საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად, ქართველი ახალგაზრდები ასრულებენ ეროვნულ ცეკვებს. ქომაგები მალე მსვლელობას დაიწყებენ. გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ყველგან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს.
„დილიდან ვიწყებთ შემართებით, რომ შევქმნათ გამარჯვების დღე. ომახიანად მივემართებით სტადიონისკენ” – ამბობენ ჰამბურგში მყოფი ქართველები.
ჰამბურგში იმყოფებიან ცნობილი ქართველებიც. ცოტა ხნის წინ ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი და სხვა ცნობილი სახეები ჩანან. ვიდეოში ჩანს, რომ გერმანულ ბორანზე ქართული სიმღერა ისმის.
„დაუჯერებელია, ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ” – წერს ნანიკო.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.