რა განცხადება გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილმა მნიშვნელოვანი მატჩის წინ

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქმა უნდა, მზად ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ. ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ვეცდებით, ჩვენც შემტევი ვითამაშოთ. ამასთან, თავი კარგად უნდა დავიცვათ, დანარჩენს ხვალინდელ თამაშში ვიხილავთ. ვფიქრობ, რომ სპორტი ომებს აჩერებს. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, სპორტი.

გვაქვს ასეთ დონეზე თამაშის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე ბედნიერია. ახლა თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მნიშვნელოვანია რას გავაკეთებთ. ჩემი ფანების გამო კი თავს ამაყად ვგრძნობ. რთული თამაში იქნება, როგორც პირველი იყო. ესეც და მესამე თამაშიც რთული იქნება. აქამდე ყოველდღიური შრომით, ვარჯიშითა და თავდადებით მოვედით. ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ. თუ თამაში მომიწევს, ჩემი დანიშნულება იქნება, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

ჩვენ მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენთვის მთავარია მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ. შორიდან დამრტყმელები ჩვენც გვყავთ, მე ყოველდღიურად ვცდილობ, რომ შორიდან გავიტანო გოლი და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ვეცდები ამის გატანას. რაც შეეხება სოუჩეკის წინააღმდეგ თამაშშს, არ მიყვარს იმ ფეხბურთელების ყურება, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ თამაშობენ. როდესაც თამაში დაიწყება, დავაკვირდები და ვნახავ, რას და როგორ გააკეთებს,“ – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებმაც პირველი მატჩი დათმო. ივან ჰაშეკის გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

შესაძლოა დაგაინტერესოთ