გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევა მოხდა – მდინარე ნაკრაში 48 წლის მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. დავით გვარმიანი პროფესიით ისტორიკოსი იყო და ბოლო წლებში იტალიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
ambebi.ge -ს დათო გვარმიანის ახლობელი უყვება:
“დათო ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, 50 წლამდეა. დღეს ის ერთ-ერთ ძმასთან ერთად წყალთან დაკავშირებულ სამუშაოს ასრულებდა, მდინარის პირას ყოფილა (იქვე ყანა აქვთ), თურმე ქვაზე აუსრიალდა ფეხი და მდინარე ნაკრაში გადავარდა. როგორც ჩანს, მერე რაღაცას დაარტყა თავი. იქვე ძმა ყოფილა და იმას ამოუყვანია, მოასწრო და არ გაატანა მდინარის დინებას. სასწრაფოც მალე მოსულა, მაგრამ, სამწუხაროდ, დათო უკვე გარდაცვლილი იყო.
დათო წლებია ემიგრანტია, ევროპაში, კერძოდ, იტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ხშირად ჩამოდიოდა. მშობლები ახალი გარდაცვლილი ჰყავს და აღდგომისთვის ჩამოვიდა, მერე უცებ ბავშვების ტრაგედია დატრიალდა (ახლახან მდინარე ნაკრაში სამი ბავშვი რომ გადავარდა ავტომანქანით, მისი ნათესავები იყვნენ) და 40-მდე დარჩა. დათო ამ დღეებში უკან, იტალიაში ბრუნდებოდა, მეუღლეც იქ ჰყავს. ზუსტად არ ვიცით დაღუპვის მიზეზი, ექსპერტიზა დადებს დასკვნას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, დათო აღარ გვყავს… სოფელი ისეთი შოკირებულია, ენა ვერ აღწერს. რაღაცნაირად სხვანაირი, ერთგული, უწესიერესი ადამიანი იყო დათო, ყველა უყვარდა. ისტორიული დაამთავრა უნივერსიტეტში, მაგრამ პროფესიით არ მუშაობდა. მისი ძმა – როდამი ჩვენი რაიონის დეპუტატია საკრებულოში. ნეტა დათო საერთოდ არ ჩამოსულიყო, მაგრამ რა იცოდა, აქ რა ელოდა… რაც შეეძლო, დათო ყველაფერს აკეთებდა თავისი კუთხისთვის, უანგაროდ ემსახურებოდა სოფელს და ხალხს. ბოლო დროს იმდენი უბედურება დატრიალდა ჩვენს ირგვლივ, ეს უკვე მეტისმეტია, კატასტროფაა..“
წყარო: ambebi.ge