7 წლამდე პატიმრობა ემუქრება დედა-შვილს, რომელმაც შურისძიების მოტივით, ქალს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალა გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის რამდენიმე ფაქტი გახსნა.

დანაშაულში მხილებულთა შორის არის დედა-შვილი, რომელმაც შურისძიების მოტივით, ქალს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალა გაუვრცელა. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია whatsapp-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაც გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.

მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გადაუგზავნა.

დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ასევე ედავება 19 წლის კაცს, რომელმაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მისთვის უცნობი ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა და შემდეგ, დაზარალებულს ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მისთვის გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გადაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების მიღების შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო. ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, რომლის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. „სქრინები“.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ჯამში 5 პირი ამხილა, მათ შორის 2 მამაკაცი და 3 ქალი. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ