არდა გიულერის სახელი და გვარი ქართველებისთვის სასიამოვნო ემოციებთან არ ასოცირდება – ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს საქართველო სადებიუტო, ისტორიულ მატჩს ატარებდა თურქეთის წინააღმდეგ, ეს თამაში სადებიუტო იყო თინეიჯერი თურქი ტალანტისთვისაც, რომელმაც ობიექტურობისთვის ვთქვათ, რომ მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს.
- შესაძლოა, ეს მომენტი ახალი ლეგენდის დაბადებაც კი იყო – არდამ საქართველოსთან გატანილი გოლით ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი დაამხო. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე 19 წლის და 128 დღის რონალდუმ თავის სადებიუტო მატჩში საბერძნეთს გოლი გაუტანა, რითაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც დებიუტში გოლი გაუტანია, მას შემდეგ რონალდუს რეკორდის დამხობა ვერავინ მოახერხა, მხოლოდ ახლა, 2024 წელს, საქართველოსთან გატანილი გოლით 19 წლის და 114 დღის არდა გიულერმა რონალდუს რეკორდსმენობა ჩამოართვა.
ამჟამად მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს ფანები “თურქ მესის” უწოდებენ, ის მორცხვი ბიჭია, რომელიც თითქმის არასდროს საუბრობს, მოკრძალებული ხასიათის გამო კი თანაგუნდელებს განსაკუთრებით უყვართ.
ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კი “რეალის”: თითქმის მთელმა შემადგენლობამ გიულერის გასამხნევებლად სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნა და ახალგაზრდა ვარსკვლავს წარმატებები უსურვა. “არდა, აბი” (არდა, ძმაო), ასე მიმართავენ თანაგუნდელები “რეალიდან” ფეხბურთელს.
- თურქი ტალანტი მომავლის დიდ ფეხბურთელად მიიჩნევა.
არდა გიულერი 2005 წელს, ანკარაში დაიბადა. მისი ოჯახი ბოლუს რეგიონიდან არის. მამა – უმით გიულერი, დედა – სერაფ გიულერი. ბიჭმა ფეხბურთის თამაში ცხრა წლის ასაკში, ანკარაში, ადგილობრივ კლუბში, Gençlerbirliği-ში დაიწყო. მალე მისი ნიჭი შეამჩნიეს და 13 წლის იყო, როდესაც “ფენერბაჰჩემ” 150 000 ლირად იყიდა, რის შემდეგაც, არდა მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა.
- მალევე ახალგაზრდა ტალანტით ევროპის უდიდესი კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის, “ბარსელონა”, “მილანი” და მადრიდის “რეალი”. 2023 წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ის მადრიდის რეალმა იყიდა. არდას რეალთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 19 წლის ასაკში ის უკვე “რეალთან”: ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
“თურქი მესი” გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს და თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. 2022-2023 წლების სეზონში არდა გიულერმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა “ფენერბაჰჩეს” გაჩემპიონებაში – მაშინ კლუბმა თურქეთის თასი მოიგო, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კი თინეიჯერი არდა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ის 16 წლის იყო როდესაც “ფენერბაჰჩეს” ძირითად გუნდში ათამაშეს. ერთ-ერთი მოთამაშე რომელსაც არდა გიულერს ხშირად ადარებენ, მესუთ იოზილია. როგორც ფანები ამბობენ, არდას “ჯადოსნური“ მარცხენა ფეხი აქვს.
- იღბლიანი ბიჭი
როდესაც გიულერი Gençlerbirliği-ს აკადემიაში თამაშობდა, ზოგიერთი მატჩის დროს ის ე.წ. ბოლბოის, ანუ ბურთის მიმტანი ბიჭის როლში იყო. 2018 წელს ძირითადი გუნდის ერთ-ერთი მატჩის დროს, მეტოქე გუნდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. არდა კარის მიღმა იდგა და ამბობს, რომ იმ მომენტში გრძნობდა, საით დაარტყამდა პენალტის შემსრულებელი. 12 წლის ბიჭმა დაუყვირა თავისი გუნდის მეკარეს იოჰანეს ჰოპფს, მარჯვნივ გადამხტარიყო, მეკარეც ასე მოიქცა და 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. ამის შემდეგ მას იღბლიანი ბიჭი შეარქვეს.
- კარლო ანჩელოტი და არდა
“სიგარა მოვწიე, ვიმღერე, ვიცეკვე, ახლა კი მინდა ძალიან საინტერესო ბავშვი წარმოგიდგინოთ“, – ასე წარუდგინა არდა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის “რეალის” ათასობით გულშემატკივარს მის უკან ნერვიულად მდგომი ახალგაზრდა ბიჭი ჩანდა, რომელიც დაბნეული უყურებდა თანაგუნდელებს. “ის ძალიან მორცხვია“, – თქვა ანჩელოტიმ სიცილით, შემდეგ მიკროფონი არდას გადააწოდა, რომელმაც მადლობა თქვა და მიკროფონი სასწრაფოდ უკან დააბრუნა.
ანჩელოტის თქმით, თითქმის არ გაუგიათ მისი ლაპარაკი და წარდგენის დროსაც “სამი სიტყვა ძლივს თქვა“. ანცელოტი დიდ გეგმებს ამყარებს არდაზე და ამბობს, რომ ის “რეალისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდება.
- “არდას ამბავი ჰოლივუდის ფილმივითაა”
“ის ჩვენს თვალწინ დიდებული ფეხბურთელი ხდება, ვხედავთ როგორ შესანიშნავად ვითარდება მისი ისტორია, როგორც ჰოლივუდური ფილმი“, – ამბობს თურქი ფეხბურთელი არდა თურანი.
წყარო: ambebi.ge