რას მოჰყვა დავით გაფრინდაშვილის და თის ურთიერთობის არევა და ვინ არის „ბზიკოს“ ახალი სიყვარული

ბოლო პერიოდში შოუმენ დავით გაფრინდაშვილის, იგივე ბზიკოს, ცხოვრება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ინფლუენსერ თი მაჭავარიანთან დაშორებამ და „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობამ მის მიმართ ინტერესი ძალიან გაზარდა.

დავით გაფრინდაშვილი: ჩვენი დაშორების მიზეზი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ღალატში დამადანაშაულეს, მაგრამ მე ეს არც დამიდასტურებია, არც უარმიყვია. ამ საკითხს ახლაც ასე დავტოვებ.

– სინამდვილეში როგორი იყავი ამ ურთიერთობაში?

– როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მაშინვე გავაანალიზე, რომ მერჩივნა, ჩუმად ვყოფილიყავი. მეორე მხარეს სადამდეც უნდოდა, იქამდე გაეწელა ეს საკითხი და რამდენიც უნდოდა, იმდენი ესაუბრა. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეცი პატივი, ასევე, ჩვენს ერთწლიან ურთიერთობას და ხალხს. ამიტომ რაღაცებზე არც კი მითქვამს, არც – არა. ჩემი „პრაიმ ჰაუსში“ შეყვანის მიზეზი ეს იყო, იმიტომ ჩამრთეს პროექტში, რომ მხოლოდ თიზე მესაუბრა, დრამა უნდა მქონოდა.

რეალურად, ჩვენი ურთიერთობის ერთმა წელმა კარგად გაიარა. მან სხვა ტელევიზიაში მოყვა, რომ კატასტროფა იყო, რაზეც მიიღო კიდეც პასუხი საზოგადოებისგან – ესე იგი, მთელი ეს დრო გვატყუებდიო, უწერდნენ. როდესაც ხალხს შენს ყოველდღიურობას უზიარებ, დაწყებული გაღვიძებიდან დასრულებული დაძინებამდე და ამბობ, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, მერე კი ჰყვები, არა, ხალხო, ეს ტყუილი იყო, თავს ცუდად ვგრძნობდიო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას. მე ამ ურთიერთობაში ვიყავი ის, რაც ყოველთვის ვარ. სოციალურ ქსელში აქტივობას ბოლომდე ვერ მივყვებოდი. ახლაც კი ჩემთვის უცნაურია, როცა გარეთ ვიღაც მცნობს, ფოტოს გადაღებას მთხოვენ და ასე შემდეგ. მგონია, რომ ვიღაც ცუდად მეხუმრება. მე ყოველთვის ჩემი პროფესიით ვცხოვრობდი და თუ ვინმე მიცნობდა, ისევ და ისევ ჩემი საქმით. სოციალურ ქსელებსაც საამისოდ ვიყენებდი. მე არ შევცვლილვარ ამ ურთიერთობაში. ერთადერთი, რაშიც პროგრესი მქონდა და რასაც ჩემი თავისგან არ მოველოდი, ისაა, რომ ამ ასაკში, უცებ ავიღე პასუხისმგებლობა გავმხდარიყავი პლუს სამი შვილის მამა, ჩემს პირველ შვილთან ერთად. თავიდან მეგონა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემი პროფესიიდან და საერთოდ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჯერ არ დაბადებულა ბავშვი, რომელთანაც მე საერთო ენას ვერ გამოვნახავ. ამიტომ ჩემი და ბავშვების ურთიერთობა ძალიან კარგად აეწყო. მეკითხებიან ხოლმე, გენატრება თუ არა ის დრო ან რა გინდა ახლაო და დაშორების შემდეგ მე მხოლოდ ბავშვების ნახვა მინდოდა, რისი უფლებაც მან არ მომცა. დანარჩენი, თუნდაც შერიგებაზე საუბარი, გამორიცხულია. ამის შანსი 0.00001 პროცენტიც კი არ არის. რაც იყო, იყო, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ისიც კარგად იყოს და მეც კარგად ვარ.

– რა მოგცა კარგი ამ ურთიერთობამ და რით გავნო?

– დაშორების ამბავი რომ გასკდა, მეგონა, რომ მე ამან მავნო. უთანასწორო ბრძოლაში მეგონა თავი. ის სიმართლეს იტყოდა თუ ტყუილს, თავის სოციალურ ქსელში შეეძლო, 200 ათასი კაცისთვის ეთქვა, ანუ, თავის გამომწერებისთვის. ამ დროს მე იგივე რესურსი არ მქონდა. ჩემი პროექტში შესვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. მინდოდა, აუდიტორიას დავენახე, როგორი ვარ რეალურად, ჩემი მინუსებითა და პლუსებით.

ამ ურთიერთობამ პიროვნულად გამზარდა, მივხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობის აღება შემიძლია. ერთადერთი, რაც აუცილებლად მემახსოვრება და სხვებსაც ვურჩევ, როდესაც ცოლს მოიყვანთ და რამეს შეიძენთ, მის სახელზე არ გააფორმოთ. თორემ, თუ დაშორდებით, მერე შეიძლება თქვას „ინსტაგრამზე“, რომ ეს მხოლოდ მისი საკუთრება იყო. ვითომ მე ვიღაცის კმაყოფაზე ვცხოვრობდი.

– ახლა ზოგადად სიყვარულზე ვისაუბროთ. საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს…

– მგონია, რომ ადამიანებს იუმორი გადაგვარჩენს. როდესაც ჩემს მრავალცოლიანობასთან დაკავშირებული თემა გააქტიურდა, ეს აბსურდი იყო. პირველ მეუღლეს, რომელთანაც შვილი მყავს, ძალიან მალე დავშორდი. ის ჩემგან ძალიან განსხვავებული პროფესიის იყო, ვერ გავიგეთ, ჩვენი პროფესიები ისე როგორ შეგვეთავსებინა ერთმანეთისთვის, რომ ოჯახი არ დაგვეზარალებინა.

ჩემი გადაწყვეტილება იყო, ურთიერთობის გაფუჭებასა და ერთმანეთის შეზიზღებას, მით უმეტეს, შვილი გვყავს, ეს ურთიერთობა დაგვესრულებინა და ცივილურად გაგვეგრძელებინა ცხოვრება. მე ჩემს ოჯახს გამოვეყავი და მარტო გადავედი საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დაქორწინების დროს ჩემი მეუღლე არ იყო თბილისში მცხოვრები, დავუტოვე ბურთიც და მოედანიც, ის ახლაც კი მამაჩემთან და ჩემს დასთან ერთად ცხოვრობს ჩემსავე სახლში.

რაც შეეხება მეორე ურთიერთობას, ეს არ ყოფილა ცოლქმრობა. ჩვეულებრივი სასიყვარულო ურთიერთობა და თანაცხოვრება იყო. კოვიდის დროს გავერთიანდით, როცა ნორმალურად გადაადგილებაც არ შეგვეძლო. დაიწყო სტუმრობებით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. ერთ საქმეს ვაკეთებდით. მერე ვერ გავუგეთ ერთმანეთს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, როგორ ვერავის ვერ გაუგე, ესე იგი, შენშია პრობლემაო, მაგრამ ყველა მონეტას ორი მხარე აქვს. არ ვცდილობ, ყველაფერი ქალებს გადავაბრალო და ვამტკიცო, რომ მე იდეალური ვარ. პირიქით, სულ ვამბობდი, თუ რამეზე მეტყვით, რომ ჩემი ბრალია, თანახმა ვარ, კი ბატონო, ჩემი ბრალია-მეთქი.

– მესამე ურთიერთობა არ დამთავრდა მეგობრობით, ვერც წინა შემთხვევებში მოახერხე ეს?

– ხალხს ეგონა, რომ მესამე ურთიერთობა არ დამთავრდა ცივილურად, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ასე დამთავრდა. „პრაიმ ჰაუსში“ კიდევ სხვანაირად გამოჩნდა ბევრი რამე, ვიღაცებმა გარკვეული თემები გამოიყენეს, რაც უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. თავს კი არ ვარიდებ რამეზე ლაპარაკს, მაგრამ ხომ არ დავდგები და დავიწყებ მტკიცებას, დამიჯერეთ, ხალხო, სინამდვილეში არავისთან ვწოლილვარ-მეთქი.

პირველ მეუღლესთან შვილი მყავს და ურთიერთობა რომ მოგვიწევს, ეს ბუნებრივია. მეორესთან საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა, ერთმანეთი საერთოდ არ მოგვიკითხავს. მესამეს, ანუ, თის რაც შეეხება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამი-ოთხი თვის კი არა, სამი-ოთხი წლის წინ დავშორდი და მხოლოდ იმიტომ არ მასვენებენ, რომ თი ცოტა ცნობადი სახე იყო. ვერ ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი ოთხი თვის წინ იყო. სიყვარულიდან სიძულვილამდე რომ ერთი პატარა ნაბიჯია, ეს მომენტი გავიარე ძალიან მარტივად. ამაში პროექტიც დამეხმარა. მადლობა ჩემს თავს, რომ თავის მართლებები არ დავიწყე და გავჩუმდი. ზუსტად ვიცი, რომ საუბარსა და თავის მართლებას უფრო მეტი მოჰყვებოდა. რაც შეეხება თისთან ურთიერთობის გაგრძელებას, სადმე რომ შემხვდეს, ვფიქრობ, რომ ცივილურად უნდა მივესალმო. თუმცა, მას თუ მოვუსმენთ, სხვანაირად ფიქრობს.

სოციალური ქსელიდან და ტელევიზიიდან არა, მაგრამ ჩემს სფეროში დიდი აუდიტორია მიცნობს. 13 წლიდან ჩემს პროფესიას შევალიე თავი, ბიზნესად ვაქციე. მერე ამაში თიც მონაწილეობდა, ცდილობდა, დამხმარებოდა, საოჯახო ბიზნესად გადაექცია. ჩვენი ურთიერთობის არევა იმას მოჰყვა, რომ მას უნდოდა მეტი დრო მისი პროფესიისთვის დაგვეთმო. ამ დროს ჩემი პროფესია იკარგებოდა. არადა, რეალურად, ჩემი პროფესია უფრო შემოსავლიანია. ამას მოჰყვა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ჩემი პროფესიის ერთგული დავრჩი. ჩემთვის მართლა დიდი პრობლემა იყო სოციალურ ქსელში აქტიურობა. გაღვიძება-დაძინების გაზიარება და ასე შემდეგ.

– ასეთი იყო შენი ცხოვრება „პრაიმ ჰაუსში“ და მაშინ იქ შესვლა ეწინააღმდეგება შენს დამოკიდებულებას.

– არ ეწინააღმდეგება. წეღანაც ვთქვი, ჩვენ შორის უთანასწორო ბრძოლა დაიწყო, რადგან მას უამრავი გამომწერი ჰყავდა და რაც არ უნდა ეთქვა, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იგებდა. ჩაირთო ქალური სოლიდარობაც. ამ პროექტში იმისთვის შევედი, რომ მეც მქონოდა საშუალება ადამიანებს გავეცანი და დაენახათ, რეალურად ვინ ვიყავი. კიდევ ერთი მომენტია, აქამდე სოციალურ ქსელში ერთი უარყოფითი კომენტარიც რომ მენახა ჩემ შესახებ, ეს უზომოდ მაწუხებდა, მთელი ღამე არ მეძინებოდა. როდესაც თიმ ეს ინფორმაცია გამოაჭენა, საშინელი ბულინგი წამოვიდა ჩემი მისამართით. დავფიქრდი, რა შემეძლო გამეკეთებინა და მივხვდი, რომ სიტუაცია უფრო უნდა გამემძრაფრებინა, რომ ეს შეტევა მაქსიმალურად გამწვავებულიყო, რომ ერთიანად ჩაევლო და დროში არ გაწელილიყო. ამიტომ დავფიქრდი, სად შეიძლებოდა, გავჩხეროდი თვალში ადამიანებს და ჩემ მიმართ გაჩენილი აგრესია გადმოენთხიათ, რომ ეს ყველაფერი მალე მორჩენილიყო. ვიფიქრე, რომ პროექტში ერთი-ორი კვირა გამაჩერებდნენ, ეს პერიოდი ჩემი ლანძღვით გულს იჯერებდნენ და პროექტიდან გამოგდების შემდეგ, ერთი კვირაღა ვემახსოვრებოდი ხალხს, მერე კი მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პროექტიც მიხვდა, რომ თი მაჭავარიანის თემაზე მეტად საინტერესო მე ვიყავი, ჩემი პროფესიიდან – შოუმენობიდან – გამომდინარე და ისეთი შოუ დავდე, რომ მაყურებელს ბევრზე მეტად დავამახსოვრდი.

– და ბოლოს, ახალ ურთიერთობაზეც მოვყვეთ.

– როგორც კი თის დავშორდი, სამეგობროში მეკითხებოდნენ, ბოლო იყო, ახლა მაინც ისწავლი ჭკუასო?! არადა, მე ძალიან მომწონს ოჯახური გარემო. ბავშვებთან ურთიერთობა, სახლში ყოფნა საყვარელ ადამიანათან ერთად. არ ვარ ტიპური 27 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ყველაფერს გასართობად წასვლა ურჩევნია. ეს გოგო რომ გავიცანი, მივხვდი, ისეთი იყო, როგორზეც მეგობრებს ვეუბნებოდი, მომავალში მხოლოდ ასეთთან თუ დავიწყებ ურთიერთობას-მეთქი, ანუ არ უყვარს სოციალური ქსელები. ისე აგიხდეთ ყველაფერი, ერთი ფოტოც კი არ უდევს „ინსტაგრამზე“ (იცინის). ეს ძალიან სასიამოვნო დამთხვევა იყო და პირველი კომუნიკაცია, რომ ადამიანმა „პრაიმ ჰაუსზე“ არაფერი მკითხა. ესეც დიდი ბედნიერებაა ჩემთვის (იცინის). მას აქვს ყველაფერი, რაც მაკლდა სხვა ურთიერთობებში და ძალიან გახარებული ვარ, ცხოვრება გრძელდება.

წყარო: tbiliselebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ